ახალი ამბები

ხიდაშელი: ჩემთვის ჯოზეფ ქეი ვერ იქნება სანდო წყარო

24 თებერვალი, 2013 • • 1198
ხიდაშელი: ჩემთვის ჯოზეფ ქეი ვერ იქნება სანდო წყარო

“ჩვენ ვიცით, ვინ არის ჯოზეფ ქეი, როგორ მოექცა ის პატარკაციშვილების ოჯახს, ჩემვთის უფრო მნიშვნელოვანია, თუ რამე ფაქტებზე საუბრობს ის, ჩვენებაში გამყარებულია თუ არა სხვა მტკიცებულებებით. იმიტომ, რომ ჯოზეფ ქეი, სრულიად ღიად ვამბობ ამას, ჩემთვის არავითარ შემთხვევაში არ იქნება, ვერ იქნება სანდო წყარო რაიმე ტიპის ინფორმაციისთვის. მაგრამ ამბავი, რომელსაც ის ყვება, თუ ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება და მტკიცებულებებით გამყარებულია, მაშინ ბუნებრივია, რომ ის გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია”– განაცხადა ხიდაშელმა. 

 

შეგახსენებთ, გუშინ, 23 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ჯოზეფ ქეის ჩვენების ამონარიდი, რომლის მიხედვითად, ტელეკომპანია “იმედის” დათმობა მას პრეზიდენტმა სააკაშვილმა, დავით კეზერაშვილმა და გიგი უგულავამ აიძულეს. 

 

 გიგი უგულავასთვის წაყენებული ბრალის ერთ–ერთი ეპიზოდი ტელეკომპანია “იმედს” უკავშირდება.  

 

“მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, ეს არის სხვისი ქონების მითვისება მართლსაწინააღმდეგოდ, ტელეკომპანია “იმედზე” ერთი ეპიზოდი, ხოლო იგივე მუხლები “თბილსერვისის” ეპიზოდში ითვალისწინებს 7–დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, მას ასევე წარედგინა 194–ე მუხლის მესამე ნაწილი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, რაც ითვალისწინებს 9–დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.  მოხდა მისი დაკითხვა, მან გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება გადმოგვეცა დაახლოებით 50 ტომი გასაცნობად” –განაცხადა გაბაიძემ, უგულავას ადვოკატმა. 

 

უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე პროკურატურა სასამართლოს დღეს მიმართავს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი