ახალი ამბები

პროკურატურა უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოს ხვალ მიმართავს

23 თებერვალი, 2013 • • 951
პროკურატურა უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოს ხვალ მიმართავს

“კანონით გათალისწინებულ ვადაში პროკურატურა მიმართავს სასამართლოს და დააყენებს შუამდგომლობას აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით” –განუცხადა “ნეტგაზეთს” სუხიაშვილმა. 

 

შეკითხვაზე, რა აღკვეთის ღონიძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს პროკურატურა სასამართლოს, სუხიაშვილმა განგვიცხადა, რომ მისთვის ეს საკითხი უცნობია: “მიმდინარეობს მსჯელობა” – გვითხრა მან. 

 

გიგი უგულავას ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში უგულავა დაიკითხა, მან კი კანონით მინიჭებული დუმილის უფლება გამოიყენა:

 

“მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, ეს არის სხვისი ქონების მითვისება მართლსაწინააღმდეგოდ, ტელეკომპანია “იმედზე” ერთი ეპიზოდი, ხოლო იგივე მუხლები “თბილსერვისის” ეპიზოდში ითვალისწინებს 7–დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, მას ასევე წარედგინა 194–ე მუხლის მესამე ნაწილი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, რაც ითვალისწინებს 9–დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.  მოხდა მისი დაკითხვა, მან გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება, გადმოგვეცა დაახლოებით 50 ტომი გასაცნობად” –განაცხადა გაბაიძემ. 

 

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ “თბილსერვისთან” დაკავშირებულ ეპიზოდში გამოძიებაში ახალი  უწყება ჩაერთვება:

 

“თბილსერვისთან დაკავშირებით საქმის გამოძიებაში კიდევ ერთი უწყება ჩაერთვება, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები საქმის მასალებს შესასწავლად გადაუგზავნიან სახელმწიფო აუდიტის  პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურს” – განაცხადა ნათია სუხიაშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი