საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს და სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის მსურველს, კონსტანტინე ვარძელაშვილს დღეს, 28 მაისს, სამთავრობო კომისია გაესაუბრა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად კითხვები საკონსტიტუციო სასამართლოში ბოლო დროს განხილულ გახმაურებულ საქმეებზეც დაუსვეს.
კომისიის წევრმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ მასთან საუბრისას განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სწრაფად განიხილა უგულავას საქმე და ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული საქმეები, ასევე, აღნიშნა, რომ თავად ვარძელაშვილს მჭიდრო კავშირები ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობასა და ნიკა გვარამიასთან. კილაძემ ვარძელაშვილთან გასაუბრებისას ახსენა ისიც, რომ უკანასკნელ პერიოდში საუბარი იყო “კონსტიტუციური რევოლუციის” შესახებაც.
ვარძელაშვილმა კილაძეს უპასუხა, რომ “კონსტიტუციური რევოლუცია” ამ კონტექსტში არასწორად იყო ნახსენები – “გულზე ხელის დადებით და რაზეც გინდათ ხელის დადებით გეტყვით, რომ არ მესმის, რაზეა საუბარი,” – თქვა მან. მისივე თქმით, ამ ტერმინის გამოყენება საარჩევნო დავასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ სარჩელს უკავშირდებოდა. ვარძელაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლოს მართლაც შეეძლო, დალოდებოდა არჩევნებს და მას შემდეგ ემსჯელა გადაწყვეტილებაზე, თუმცა, ამ შემთხვევაში, მთელი პროცესის განმავლობაში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგებოდა შესაბამისი ნორმების კონსტიტუციურობის საკითხი.
მანვე აღნიშნა, რომ ადამიანები, რომლებიც ამ საკითხით სპეკულირებდნენ, ან ვერ გაერკვნენ, რა ხდებოდა, ან გაერკვნენ და სხვა რამესთან გვქონდა საქმე.
ზოგიერთი სარჩელის გაწელვასთან დაკავშირებით ვარძელაშვილმა თქვა, რომ აქ “ხარვეზი” შეიძლება იყოს ის, რომ კრიტერიუმები, თუ რომელი საქმე უნდა განიხილებოდეს უფრო სწრაფად, დაწერილი სახით არ არსებობს. მანვე აღნიშნა, რომ სწრაფად განიხილავენ იმ საქმეებს, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან. მისივე თქმით, ხშირად გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურების საფუძველი ხდება ის, რომ რთულდება კონსენსუსის მიღწევა მოსამართლეებს შორის.
რაც შეეხება გვარამიას საკითხს, კონსტანტინე ვარძელაშვილმა აღნიშნა, რომ იგი გვარამიას იცნობს, თუმცა მეგობრობა ან თანამშრომლობა არ აკავშირებს მასთან.
კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა მას ჰკითხა, რომ გარედან იყო ისეთი აღქმა, თითქოს საკონსტიტუციო სასამართლო განხილვისას პრიორიტეტს ანიჭებდა საქმეებს, რომელიც იყო გახმაურებული, ან ოპოზიციას შემოჰქონდა, სხვა მოქალაქეების სარჩელები კი დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა განუხილველი.
ზოგიერთი საქმის სწრაფად განხილვაზე კითხვა დასვა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, შალვა თადუმაძემაც. შალვა თადუმაძის თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში წინა ღამით იდებოდა ვებ-გვერდზე ინფორმაცია დანიშნული სხდომების შესახებ და მეორე დღეს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის ან მთავრობის წარმომადგენელი უნდა გამოცხადებულიყო.
ამ კითხვაზე პასუხისას კონსტანტინე ვარძელაშვილი რუსთავი 2-ის საქმეს შეეხო. კერძოდ, მისი განცხადებით, ამ საქმეზე კონკრეტული მუხლის შეჩერების გამოყენება არ ნიშნავდა საქმის გადაწყვეტას და შეჩერება მხოლოდ დროებითი ღონისძიება იყო. მანვე აღნიშნა, რომ როდესაც სასამართლო ხედავს საფრთხეს, რომ შემდგომში მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება შეიძლება აღარ იყოს რელევანტური, ასეთი ღონისძიების გამოყენება მიზანშეწონილად მიაჩნია.
კომისიის კიდევ ერთმა წევრმა, საიას თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა მას დაუსვა კითხვა, იმ წლებში როდესაც საერთო სასამართლოებზე ზეწოლა და წნეხი იყო, ხდებოდა თუ არა იგივე საკონსტიტუციო სასამართლოში და თუ არ ხდებოდა, მაშინ როგორ აიხსნება ის, რომ სხვა სასამართლოებზე იყო ზეწოლა და საკონსტიტუციო სასამართლოზე არა. ანა ნაცვლიშვილმა კითხვის დასმისას აღნიშნა ისიც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლამდე მართლაც ჰქონდა მიღებული ისეთი გადაწყვეტილებები, რაც მაშინდელ ხელისუფლებას არ მოსწონდა.
ვარძელაშვილმა ამ კითხვაზე პასუხისას აღნიშნა, რომ არ არსებობს შემთხვევა, როდესაც მან გადაწყვეტილებას ხელი ზეწოლის გამო მოაწერა. მისივე თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა მხარის, მათ შორის, მთავრობის წარმომადგენელების მხრიდან გამოითქმებოდა უკმაყოფილებები როგორც კულუარულად, ასევე ნაკლებად საჯაროდ, თუმცა “არ არსებობს პრეცედენტი, რომელიც მიღებული იქნებოდა გარედან ზეგავლენის შედეგად”.
საბოლოოდ, კონსტანტინე ვარძელაშვილი ყველაზე მაღალი ქულების მქონე ხუთ კანდიდატს შორის ვერ მოხვდა.
სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შემრჩევი სამთავრობო კომისიის შემადგენლობა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე − თეა წულუკიანი;
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე − დავით ზალკალიანი;
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი − შალვა თადუმაძე;
საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორი წარმომადგენელი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე − მამუკა ვასაძე;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე − მზია თოდუა;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი − მერაბ გაბინაშვილი;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი − დიმიტრი გვრიტიშვილი;
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენელი; კომიტეტის თავმჯდომარე − სოფიო კილაძე;
საქართველოს სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი − უჩა ნანუაშვილი;
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი, თავმჯდომარე − ზაზა ხატიაშვილი;
„საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის“ („სიფა“) წარმომადგენელი, თავმჯდომარე − ზვიად კორძაძე;
სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი − ირაკლი ბურდული;
კოალიციის − „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ − წარმომადგენელი, თავმჯდომარე − ანა ნაცვლიშვილი.