ახალი ამბები

ღარიბაშვილი გიგი უგულავასთვის ბრალის წაყენებას ეხმიანება

23 თებერვალი, 2013 • • 994
ღარიბაშვილი გიგი უგულავასთვის ბრალის წაყენებას ეხმიანება

“როდესაც გამოძიებას აქვს კითხვები ამა თუ იმ პირის მიმართ, უგულავა არის ჩვეულებრივი მოქალაქე, ის არის მაღალი თანამდებობის პირი, გამოიკვეთა სერიოზული… იქ ორი ეპიზოდია, ჩვენ ვნახეთ, ამასთან დაკავშირებით მან უნდა გააკეთოს განმარტებები. მე ვიცი, რომ ის დაბარებულია და დღეს აქვს გასაუბრება გამოძიებასთან, ასე რომ, ნორმალური პროცესია ეს.”

 

კითხვაზე, მოხდება თუ არა უგულავას დაკავება, შინაგან საქმეთა მინისტრმა უპასუხა, რომ  “ამას მოგვიანებით გავიგებთ”.

 

შეგახსენებთ, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) ფაქტებზე გამოტანილია დადგენილება გიორგი უგულავას ბრალდების შესახებ, რის საფუძველზეც იგ, დღეს, 23 თებერვალს, 2 საათზე დაბარებულია საგამოძიებო ორგანოში ბრალდების წაყენებისა და მის მიმართ სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით.

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდება მოიცავს ორ დამოუკიდებელ ეპიზოდს:

 

“პირველ ეპიზოდთან დაკავშირებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ გამოძიების პროცესში მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ფაქტობრივად, გახსნილია იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ ტელეკომპანია“იმედის“ ხელში ჩაგდების დანაშაულებრივი სქემა და უტყუარად დადასტურებულია, რომ მისი განხორციელების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო სწორედ გიორგი უგულავა.”

 

კერძოდ, გამოძიების მასალებით, 2008 წლის მდგომარეობით, შპს „ტელეიმედის“ საკონტროლო წილის მფლობელი იყო ჯოზეფ კეი, რომელსაც იმ დროისათვის ტელეკომპანიის ფუნქციონირებისათვის დახარჯული ჰქონდა 10 მლნ აშშ დოლარი:

 

“ხელისუფლების სახელით ჯოზეფ კეის შეხვდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი  და პირდაპირი მუქარით დაიყოლია ტელეიმედის დათმობაზე ერთადერთი პირობით, რომ მას გიორგი უგულავა აუნაზრაურებდა მის მიერ გაწეული 10 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ხარჯებს.

 

გიორგი უგულავას მითითებით ჯოზეფ კეიმ თავისი წილი გადასცა დავით კეზერაშვილის კონტროლს დაქვემდებარებულ  პანამაში რეგისტრირებულ კომპანია „bordex limited“-ს, ხოლო თანხის გადახდა  განხორციელდა შემდეგი გეგმით: გიორგი უგულავა მოელაპარაკა შპს „ახალი რიყის“ მესაკუთრეებს, რომ მათ მიერ 2006 წელს 7 000 000 აშშ დოლარად შეძენილ რიყის ტერიტორიას მერია ვითომდა 17 000 000 აშშ დოლარად უკან გამოისყიდდა, საიდანაც 10 000 000 აშშ დოლარი გათვალისწინებული იყო ჯოზეფ კეისათვის გადასაცემათ. ქალაქის მერიამ 2008 წლის 29 დეკემბერს  ქ.თბილისის მთავრობის სახელით გამოსცა დადგენილება, რომლის საფუძველზეც თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული „ძველი ქალაქის რეაბილიტაციის და განვითარების ფონდიდან“ რიყის ტერიტორიის უკან გამოსყიდვის მიზნით  შპს „ახალ რიყეს“ გადაერიცხა 17 000 000 აშშ დოლარი. ამის შემდეგ შპს „ახალი რიყის” ხელმძღვანელობასა და ჯოზეფ კეის კომპანიას „lakebrow limited”-ს  შორის გაფორმდა ფიქციური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „ახალი რიყის“ საბანკო ანგარიშიდან ჯოზეფ კეის კომპანიას ჩაერიცხა 8 811 189 აშშ დოლარი, ანუ ტელეკომპანია “იმედი“ მისაკუთრებული იქნა ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისებისა და შემდგომი გათეთრების გზით”, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

 

გამოძიების ცნობით, მეორე ეპიზოდი ეხება საბიუჯეტო თანხების გამოყენებით პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის თვალთმაქცურ დაფინანსებას, რომლის ორგანიზატორი ასევე გიორგი უგულავა იყო:

 

“კერძოდ, მისი დავალებით 2009 წლის 31 დეკემბერს შპს „თბილსერვის ჯგუფში“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებისათვის ფულის დარიგების მიზნით სპეციალურად შეიქმნა „საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება“, სადაც ფიქტიურად გაფორმდა 764 აქტივისტი – ე.წ. პარტიული კოორდინატორი. უმეტესობას ამ სამსახურში არც ერთი დღე არ უმუშავია და ეწეოდა პარტიულ საქმიანობას,  თუმცა დედაქალაქის  ბიუჯეტისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან მათ ხელფასის სახით  4 130 728  ლარი დაერიცხათ.”

 

ქ. თბილისის მერი გიორგი უგულავა პასუხისგებაში მიცემულია შესაბამისი მუხლებით და მიმდინარეობს გამოძიება.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი