სააკაშვილის თქმით, ახალი მთავრობის პირობებში რამდენიმე ფაქტი დაგროვდა, როდესაც ადამიანებს აშანტაჟებენ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნებით:
“მოდით, მივყვეთ ფაქტებს: ია ბარამიძის ამბავი, როდესაც დაადასტურა ახალმა შსს-მ, რომ მათ გააკეთეს ეს მოსამართლის თანაშემწის ფაქტი.
საკრებულოს ერთ-ერთი წევრი, ახალ ამბავს გეუბნებით, არ მინდა დავასახელო რომელი წევრი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობიდან” წავიდა. ახალი გადაღებული ვიდეო მისი მონაწილეობით, ეს იყო, რაც მე ზუსტად ვიცი, მისი წასვლის თემა.
რამდენიმე პარლამენტის წევრს იგივე რაღაც ვიდეოები დაუდეს… ერთ-ერთმა პარლამენტის წევრმა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომელსაც უთხრეს, რომ გადაღებული გვყავხართო ქალბატონთან ერთად, არ არის მის მეუღლესთან ერთად, ამან ვაჟკაცურად უთხრა, აჩვენეთ ჩემს მეუღლესო, არსად არ გადავალო. ჭორებს არ გიყვებით, მე გიყვებით, რაც ზუსტად ვიცი.
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ვიდეოებზე, ძალიან რთულია თემაა ეს, ეს არის რუსული ოლიგარქიული მეთოდები. ჩვენ ხომ ვიცით, რომ პრემიერ-მინისტრი სანამ შემოვიდოდა პოლიტიკაში, ეს ვიდეოები ხელში ეკავა?! ნაყიდი ჰქონდათ. იცოდა, რისი ჩვენება უნდოდა ამ “მასტ ქერით” და ტელევიზიებით”, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, მსგავსი რამ რუსეთშიც კი არ კეთდებოდა:
“რუსეთშიც კი არასდროს პროკურატურას არ გამოუქვეყნებია, აგდებდნენ ისეთ საიტებზე, მათ შორის ჩვენი საუბრებიც იყო, საროკა.ნეტ-ზე და ასეთი სისულელეებზე… ჩვენ ნათლად გვითხრეს, რომ ყველა ჩვენგანი არის სამიზნე პირადი სახის ინფორმაციის შეგროვების.”
პრეზიდენტის თქმით, მისი მმართველობის პირობებში ის მკაცრად აკონტროლებდა ასეთ ფაქტებს:
“იყო ერთი რუსული სპეცსამსახურის აგენტის, რომელსაც ვუთვალთვალებდით ლეგიტიმურად, 2006-ში მოხდა, ერთ-ერთი მათი ქალბატონის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მოხვდა ჩვენს ხელში და ვანომ მითხრა ამაზე. მე ვუთხარი – დაუყოვნებლივ წაშალეთ. რუსეთის აგენტებზეც არ გვჭირდება ასეთი”.
სააკაშვილის თქმით, ის ნანობს, რომ მისი მმართველობის პერიოდში ქვეყნდებოდა სატელეფონო საუბრების ჩანაწერები:
“იმასაც ვნანობ, რომ ბევრი სატელეფონო საუბარი გამოქვეყნდა, მათ შორის სანქცირებულიც. მე მიმაჩნია, რომ არც სანქცირებული საუბრები არ უნდა გასულიყო ტელევიზიით, მიმაჩნია, რომ ეს იყო ცუდი რაღაცა, რაც კეთდებოდა. თუნდაც ის საუბარი, ნინო ბურჯანაძე რომ იძახის – რუსები უნდა შემოვიყვანოთ, ესეც არ უნდა გამოგვექვეყნებინა. იმიტომ, რომ გაჩნდა განცდა საზოგადოებაში, რომ ყველას უსმენენ, რაც, რა თქმა უნდა, არ იყო მართალი. ეს განცდა იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი რამ, რამაც დაგვაზარალა.”
სააკაშვილის თქმით, დღეს ოთხნახევრაჯერ მეტი ტელეფონია საქართველოში ჩართული, ვიდრე ოდესმე ყოფილა:
“თქვენ, ალბათ, არ იცით, საიდუმლოს გეტყვით, მთელი პარლამენტი, მთელი პოლიტელიტა გადართულია “ვაიბერის” საუბარზე. ვაიბერი არის ინტერნეტპროგრამა. მათ შორის უმრავლესობის ყველა წევრი გადასულია ვაიბერზე. რატომ? იმიტომ, რომ ყველამ იცის, რომ დავალება არის მიცემული, არა მარტო უმცირეობის მოსმენაზე, არამედ განსაკუთრებით ზოგიერთი უმრავლესობის წევრის მოსმენაზე. ვაიბერს ჯერჯერობით ვერ ხსნიან და არის საშინელი დავა, ვიღაცები დაიჭირეს, რომ ვერ გახსნეს. ახლა მიდის ვაიბერის გახსნაზე ფულის ჩაყრა.”
ეს განცხადებები მიხეილ სააკაშვილმა დღეს, გადაცემა “აქცენტებში” საუბრის დროს გააკეთა.








