“მე ვთქვი ვანოს დანიშვნით პრემიერად, ვინ იქნებოდა პრემიერ-მინისტრი არჩევნების შემდეგ. ეს იყო ჩემი ერთმნიშვნელოვანი პასუხი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაცემა აქცენტებში საუბრისას.
მისივე თქმით, როდესაც გადაწყდა ვანო მერაბიშვილის პრემიერად დანიშვნის საკითხი, ბობოყვათში შედგა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა “ნაციოანლური მოძრაობის” 15-მდე წევრი, მათ შორის, მიხეილ მაჭავარიანი, გიგი უგულავა და სხვები, რა დროსაც ვანო მერაბიშვილმა მათ შესთავაზა შს მინისტრის თანამდებობაზე ბაჩო ახალაიას დანიშვნა:
“ახალაია იყოს ვანოს კანდიდატი”, – განაცხადა სააკაშვილმა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომ მერაბიშვილი ამას არ ადასტურებდა აქამდე არც ერთ ინტერვიუში, პრეზიდენტმა მიუგო: “კითხეთ ახლა და დაადასტურებს”.
“ვანომ თქვა, რომ თუ მუდმივად მოვდივარ პრემიერადო, მაშინ ახალაია დავნიშნოთო”, – სააკაშვილის თქმით, შს მინისტრის პოსტზე ეკა ზღულაძეს მოიაზრებდა, იყო დასახელებული სხვა კანდიდატურებიც, თუმცა საბოლოოდ არჩევანი ახალაიაზე შეჩერდა.
შეკითხვაზე – შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ბაჩო ახალაიას? – პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეწყალების საკითხი ჯერ არ დგას:
“სასამართლოს დამოუკიდებლობას უნდა ვცეთ პატივი, ახლა არის ისტორიული შანსი, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა ვიხილოთ… დღეს ერთი ჯგუფია მთავრობაში და მეორე, ახალი ხალხია სასამართლოში, თუ დღეს ინსტიტუციური დამოუკიდებლობა არ წაართვეს, სასამართლო იქნება თავისუფალი”, – განაცხადა სააკაშვილმა.








