ახალი ამბები

ჯანელიძე: ჩვენ გვსურს ნატოს წევრობა, MAP მიზანი არ არის

28 მაისი, 2017 •
ჯანელიძე: ჩვენ გვსურს ნატოს წევრობა, MAP მიზანი არ არის

“მე ვთქვი, რომ ჩვენ გვსურს [ნატოს] წევრობა, Map არ არის მიზანი. საქართველოს მიზანი არის წევრობა,” – ეს განცხადება დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინსიტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ გააკეთა.

დღეს მინისტრი ასამლეის სესიაზე სიტყვის წარდგა. ის დამსწრეებს საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) შესახებ ესაუბრა. სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა განაცხადა, რომ გაწევრიანების გზაზე  შემდგომი წინსვლისათვის საქართველო ეფექტურად იყენებს ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიცაა  ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტი.

“იყო საკმაოდ სიღრმისეული განხილვა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების, იმ ქმედებების, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ – როგორც ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით, ასევე რეგიონული და გლობალური თამაშრომლობის კუთხით,” – განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში.

დღეს სესიაზე პოლიტიკურ და სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. ასამბლეის წევრებს ქვეყანაში ამ კუთხით არსებულ ვითარებაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანსწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილიც ესაუბრა.

26-29 მაისს თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იმართება. თბილისში დაგეგმილი დღის წესრიგი სხვადასხვა დისკუსიას მოიცავს, მათ შორის, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, რომლებიც რუსეთისგან მოდის; სამხედრო შესაძლებლობების და ადეკვატური სამხედრო ბიუჯეტის შესახებ დისკუსიას. საგაზაფხულო სესიაზე დეკლარაციის მიღებასაც ელოდებიან, რომელიც ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დაუჭერს მხარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი