ახალი ამბები

“ვეჭვობთ, ალტერნატივას არ განიხილავენ, მაგრამ არაფერს დავთმობთ” – კალაძის შეხვედრა მთიულებთან

28 მაისი, 2017 •
“ვეჭვობთ, ალტერნატივას არ განიხილავენ, მაგრამ არაფერს დავთმობთ” – კალაძის შეხვედრა მთიულებთან

27 მაისს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ბოძების საკითხზე კიდევ ერთხელ შეხვდა მთიულეთის სოფლების მოსახლეობას, ამჯერად- თბილისში. რამდენიმე დღის წინ კალაძე ხანდოს ხეობაში და ფასანაურში იმყოფებოდა, სადაც ადგილზე დაათვალიერა სიტუაცია და განაცხადა, რომ სამუშაოები შეჩერდება იმ ადგილებში, სადაც მოსახლეობა საშიშ ზონად მიიჩნევს.

მთიულები წინა შეხვედრით კმაყოფილები იყვნენ და მინისტრთან საუბრის შემდეგ მიიჩნევდნენ, რომ მთავრობა უკან დახევას აპირებდა. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ კი აცხადებენ, რომ ენერგეტიკის სამინისტრო ისევ ელექტროგადამცემი ბოძების უვნებლობაზე ალაპარაკდა.

“კალაძე და მისი მოადგილე ამბობენ, რომ არავითარი დასხივება არ აქვს ამ მაგნიტურ ველსო, თუმცა კითხვაზე, თუ რომელ კვლევაზე დაყრდნობით აკეთებდა ამ განცხადებას, პასუხი ვერ გაგვცა. არც ერთ კვლევაში არ წერია, რომ 500 კვ-იანი მაღალი ძაბვის ხაზი არის უვნებელი და არ მოაქვს ზიანი ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ყველგან წერია, რომ არის მავნებელი, ოღონდ ზოგან გაბედულად, ზოგან – თავშეკავებულად,” – ამბობს ბადრი დავითური, ფასანაურის მკვიდრი.

მისი თქმით, კახა კალაძე ადგილობრივებს დღეს დაჰპირდა, რომ ორშაბათს ისევ ავლენ სპეციალოსტები მთიულეთში და რამდენიმე ვერსიას განიხილავენ:

“კერძოდ, არაგვის მარცხენა სანაპიროს, თუმცა, ამავდროულად, სამუშაოები უნდა გაგრძელდეს სოფელ გვრიტოში (ხამუშა)… ეს საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ ალტერნატივას არ განიხილავენ, რადგან ნელ-ნელა გვიახლოვდებიან, მაგრამ ჩვენ არაფერს დავთმობთ. თუმცა მინისტრის მოადგილემ, ილია ელოშვილმა თქვა, რომ ალტერნატივა თუ უკეთესი იქნება, 20-30 ათასის ზარალი პრობლემა არააო. დაველოდოთ ორშაბათს, ქართული იდეის და დავით კარტოზიას დახმარებით ამაერიკიდან მეცნიერები და სპეციალისტები მზად არიან ჩამოვიდნენ და კვლევები ჩაატარონ. დღესაც მქონდა საუბარი ბატონ ლევან ჩაჩუასთან და ბატონ დავით კარტოზიასთან.”

როგორც ბადრი დავითური აცხადებს, კახა კალაძე ადგილობრივებს დათანხმდა, მოესმინა დამოუკიდებელი ექსპერტებისა და მეცნიერებისთვის, რომლებსაც სავარაუდოდ მომდევნო კვირაში უნდა შეხვდეს.

ვადრი დავითური და კახა კალაძე. ფოტო: ენერგეტიკის სამინისტრო

მთიულები, მათ შორის, ბადრი დავითური და კახა კალაძე საუბრობენ ელექტროგადამცემი ბოძების საკითხზე. ფოტო: ენერგეტიკის სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი