ახალი ამბები

ნორლანდი: საქართველოს მისწრაფება ევროატლანტიკული სტრუქტურებისკენ ეჭვის ქვეშ არ დგება

21 თებერვალი, 2013 •
ნორლანდი: საქართველოს მისწრაფება ევროატლანტიკული სტრუქტურებისკენ ეჭვის ქვეშ არ დგება

“ჯერჯერობით არ დაგვინახავს მიზეზი, რომ საქართველოს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციისაკენ სწრაფვა ეჭვქვეშ დავაყენოთ“,- განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა 21 თებერვალს, ნაციონალური მოძრაობის მიერ 19 აპრილს დაგეგმილი მიტინგის კომენტირებისას.

ელჩი ნორლანდი „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ მულტიმედიური ჟურნალისტიკის პროგრამის პირველი კლასის გამოსაშვებ ღონისძიებას ესწრებოდა, სადაც  ნაციონალური მოძრაობის დაგეგმილ შეკრებაზე ჰკითხეს.

„გავეცანე მოკლე შინაარსს იმის შესახებ, რომ ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ხალხს მოუწოდა, შეიკრიბონ საქართველოს ევრო–ატლანტიკური ორიენტაციის მხარდასაჭერად,“ -თქვა ელჩმა. „ჩემი თავდაპირველი რეაქცია იყო ის, რომ შეერთებული შტატებისათვის დიდი ხანია, ცნობილია საქართველოს ევრო–ატლანტიკური ორიენტაციის შესახებ. ახალი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ჩვენს ურთიერთობებში, ჯერჯერობით არ დაგვინახავს მიზეზი, რომ საქართველოს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციისაკენ სწრაფვა ეჭვქვეშ დავაყენოთ.“

ელჩმა ნორლანდმა აგრეთვე დასძინა: „გუშინდელი განცხადებების მიხედვით, როგორც ვხვდები, განზრახულია, გაიმართოს საპარლამენტო დებატები საქართველოს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის თაობაზე. ცხადია, ეს იქნება დებატები ქართველი ხალხის საყურადღებოდ. თუმცა ვფიქრობ, დებატების საგანი იქნება უფრო მეტად ის, თუ რა სიტყვებით და რა ადგილას ჩაიწეროს [საქართველოს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაცია] ქართულ კანონმდებლობაში და არა საკუთრივ ქვეყნის ორიენტაცია. რასაკვირველია, დემოკრატიულ საზოგადოებაში ხალხს გააჩნია ნებისმიერ ადგილას შეკრების თავისუფლება და ჩვენ ძლიერად ვუჭერთ მხარს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ამ წუთას ჩემთვის არ არის ნათელი, რა არის განსაკუთრებული შეკრების თარიღში, 19 აპრილში, მაგრამ ნათელია, რომ შეკრების თავისუფლება ერთ–ერთია იმ უფლებებს შორის, რომლითაც ქართველი ხალხი სარგებლობს.“

ელჩმა კომენტარი ხელისუფლებასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებზე, რომლის შედეგების 20 თებერვალს გახდა ცნობილი:

„დასასრულ, მინდა მოგახსენოთ ახლახან გამართული მოლაპარაკებების შესახებ. ჩემი აზრი ისაა, რომ მოლაპარაკებები წარიმართა კონსტრუქტიულ ტონში და ნდობის გარემოში. მოდით, გავიხსენოთ, რომ განხილული საკითხების 90 პროცენტი შეჯერდა, ხოლო 10% ჯერ კიდევ შეთანხმებას საჭიროებს. ორივე მხარემ მიანიშნა, რომ სურს, ღიად დატოვოს კარი შემდგომი მოლაპარაკებებისათვის. ვფიქრობ – და სულ არ არის საჭირო, ვიყოთ ხელოვნურად ოპტიმისტები – გვაქვს ვითარება, რომელიც პოზიტიურია. ყველა პასუხისმგებლიანი ლიდერი, რომელსაც ამ ქვეყანაში ვიცნობ, მოწადინებულია, იაროს წინ კონსტრუქტიული ტონითა და მშვიდი დიალოგით.“

მასალების გადაბეჭდვის წესი