ახალი ამბები

პრეზიდენტი: ომბუდსმენის ინსტიტუტი ხელისუფლებისთვის გუნდრუკის საკმევად არ არსებობს

25 მაისი, 2017 •
პრეზიდენტი: ომბუდსმენის ინსტიტუტი ხელისუფლებისთვის გუნდრუკის საკმევად არ არსებობს

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ომბუდსმენის ინსტიტუტი იმისთვის არ არსებობს, რომ ხელისუფლებას გუნდრუკი უკმიოს და იმის შესახებ იქადაგოს, რომ ყველაფერი კარგადაა. ამის თაობაზე გიორგი მარგველაშვილმა კონფერენციაზე “შრომის ინსპექციის მომავალი საქართველოში” განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა ომბუდსმენის  საპარლამენტო გამოსვლა და აღნიშნა, რომ ყოველწლიური გამოსვლა ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივი დისკუსიის შინაარსს განაპირობებს. მარგველაშვილის თქმით, უჩა ნანუაშვილის მოხსენება იყო ძალიან საინტერესო და ყურადსაღები.

პრეზიდენტმა იმ ადამიანებს მიმართა, ვისაც მიაჩნია, რომ ომბუდსმენი გუნდრუკს უნდა უკმევდეს ხელისუფლებას, დაკავებული იყოს შედარებითი ანალიზებით და წარმოაჩენდეს არა პრობლემებს, არამედ ქადაგებდეს, რამდენად კარგადაა ვითარება:

ომბუდსმენის სამსახური ამისთვის არ არის შექმნილი. ამისთვის ბევრი საინტერესო ინსტიტუტი არსებობს, ბევრი საინტერესო პოლიტიკოსი მოევლინება ხოლმე საზოგადოებას, ბევრი მოსაუბრეა,  რომელიც აღავლენს დიდებას ძლიერთა ამა ქვეყნისა მიმართ, მაგრამ არა ომბუდსმენი. ომბუდსმენის ფუნქცია მდგომარეობს სწორედ იმაში და ჩვენ ომბუდსმენის სამსახურს და სახალხო დამცველის სამსახურს ვუხდით ხელფასს სწორედ იმაში, რომ აღმოაჩინოს პრობლემები, წარმოგვიდგინოს, მოგვცეს შესაძლებლობა მათი ანალიზის და მათი დაძლევის,” – აღნიშნა მარგველაშვილმა.

მისივე აზრით, თუ ომბუდსმენი  ისაუბრებს მხოლოდ იმის თობაზე, კარგი რა გაკეთდა, ასეთ შემთხვევაში ასეთ ინსტიტუტს არ ექნება ფასი.

“არიან ადამიანები, რომლებიც ამას სრულიად უფასოდ აკეთებენ და მათ შეგვიძლია მივანდოთ ეს საქმე. ხაზი მინდა გავუსვა, რომ სწორედ კრიტიკული ანალიზი, სწორედ პრობლემებზე მითითება არის ის, რაც ჩვენ გვეხმარება უკეთესი საზოგადოების შექმნისათვის,”-  განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე, რომელსაც უჩა ნანუაშვილიც ესწრებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი