C ჰეპატიტის მკურნალობას ნეიტრალური პასპორტის მქონე აფხაზი და ოსი პაციენტებიც შეძლებენ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, C ჰეპატიტის აღმოფხვრის სახელმწიფო პროგრამაში ის პირებიც ჩაერთვებიან, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ.

როგორც სერგეენკომ განმარტა, თუ აქამდე აღნიშნულ პროგრამაში საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირები იყვნენ ჩართული, ახლა შესაძლებელია, ის პირებიც ჩაერთონ, რომლებიც “ნეიტრალურ პასპორტს” ან “ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს” ფლობენ.

სერგეენკოს თქმით, უახლოეს დღეებში დაიწყება აღნიშნული დოკუმენტების მქონე პაციენტების მიღება. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯანდაცვის სერვისებზე მომართვიანობა ძალიან დიდია.

მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტული დაავადების სიხშირის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლევა არ ჩაუტარებია, რადგან ამ შესაძლებლობას მოკლებულია, სერგეენკო ვარაუდობს, რომ “სიხშირე მაღალია და მომართვიანობაც დიდი იქნება”.

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მოქალაქეებს C ჰეპატიტის უფასო მკურნალობას სთავაზობს. აქამდე ქართული მხარის მიერ არაერთი განცხდება გაკეთებულა იმის შესახებ, რომ ქართული სახელმწიფო C ჰეპატიტის უფასო მკურნალობის შესაძლებლობას აფხაზ და ოს პაციენტებსაც აძლევს, თუმცა ამ სერვისით სარგებლობისთვის აუცილებელი პირობა საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებლი საბუთის ფლობა იყო.

წლებია, ქართული მხარე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების მოქალაქეებს ნეიტრალურ პასპორტებს სთავაზობს. ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ რამდენი ასეთი ტიპის დოკუმენტია უკვე გაცემული, საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ “200-ზე მეტი ასეთი დოკუმენტია გაცემული”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com