პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა თბილისის შემოვლითი გზის და თბილისი-ჟინვალის გზის მონაკვეთის პროექტირებას იწყებს. თბილისის შემოვლითი გზის პროექტი 55-კილომეტრიანი გზაა, ხოლო ნატახტარი-ჟინვალის – 28- კილომეტრიანი მონაკვეთია.
“ეს იქნება ალტერნატიული ჩქაროსნული მაგისტრალი, რომელიც მნიშვნელოვნად განტვირთავს ჩვენს ქალაქს. ასევე, ეს იქნება დასაწყისი მლეთა-კობის მონაკვეთისკენ მიმავალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის და ვფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის სრულად განხორციელებისათვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი”,- განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
მისივე თქმით, პროექტირება დღეს, 25 მაისს იწყება და 15 თვეში დასრულდება.
“უნდა ვთქვა, რომ პროექტირებისა და დიზაინის მომზადების პროცესში ძალიან ბევრი პროექტია, მოგეხსენებათ, წელს ჩვენი ინფრასტრუქტურული ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მომავალ წელს თითქმის გაორმაგება იგეგმება. ვფიქრობთ, რომ ეს მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან ეფექტს როგორც ეკონომიკური ზრდის, ისე დასაქმების კუთხით”,- განაცხადა კვირიკაშვილმა.