ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საწვავის კრიზისის გამო ცხინვალში ბენზინს ტალონებით გასცემენ

25 მაისი, 2017 • 3603
საწვავის კრიზისის გამო ცხინვალში ბენზინს ტალონებით გასცემენ

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია საწვავს მხოლოდ ოფიციალურ სტრუქტურებზე გასცემს. ოფიციალური ინფორმაციით, ბენზინის კრიზისი რუსეთიდან მისი ახალი მარაგის შემოტანამდე გაგრძელდება.

როგორც წესი, ბენზინი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კომპანია “იუგოსეტინეფტპროდუქტს” შეაქვს. კომპანიის წარმომადგენლი ოსურ მედიასთან საუბარში განმარტავს, რომ დარჩენილი მარაგი მანამდე უნდა იმყოფინონ, სანამ ვლადიკავკაზიდან ახალ მარაგს არ შეიტანენ. შესაბამისად, ამჟამად ბენზინის გაცემა ტალონებით, ისიც მხოლოდ საჯარო უწყებების თანამშრომლებზე ხდება.

გარდა ამისა, მოსახლეობა ჩივის, რომ სახელმწიფო კომპანიის ბენზინი, რომელიც 33 რუბლი [0.58 აშშ დოლარი] ღირს, საკმაოდ უხარისხოა და მისი გამოყენების შემთხვევაში, ავტომობილები ფუჭდება. კერძო ბენზინგასამართ სადგურებზე კი ერთი ლიტრი ბენზინის ფასი 37 რუბლია [0.65 აშშ დოლარი], თუმცა მისი მარაგიც თითქმის აღარ არის დარჩენილი.

ბენზინის ხარისხის საკითხს, ოფიციალური ცნობითვე, დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახური იძიებს. 2014 წლიდან საწვავის ოფიციალური იმპორტიორი”იუგოსეტინეფტპროდუქტია”. ის საწვავს რუსული კომპანია “როსნეფტისგან” ყიდულობს. როგორც უწყების განცხადებებით ირკვევა, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შეტანამდე  ვლადიკავკზში დაბალი ხარისხის საწვავს ურევნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი