ახალი ამბები

სააკაშვილი: მე ქართველ ერთან ერთად გადავარჩინე საქართველო

20 თებერვალი, 2013 • 1085
სააკაშვილი: მე ქართველ ერთან ერთად გადავარჩინე საქართველო

“მინდა ყველას შევახსენო ერთი რამ, ვლადიმერ პუტინმა 2008 წელს მე მთელი მსოფლიოს წინ, საჯაროდ გამომიტანა სასიკვდილო განაჩენი, გამომიტანა ეს განაჩენი იმიტომ, რომ მე დავიცავი ჩემი ქვეყანა, მე ჩემს მეგობრებთან ერთად, ქართველ ერთან ერთად გადავარჩინე საქართველო. აბა, თქვენ მართლა გგონიათ, რომ ამხელა რუსეთმა ატეხა ომი და თავი დაიზიანა იმის გამო, რომ იგივე ტერიტორია ეკონტროლებინა, რასაც მანამდე ისედაც აკონტროლებდა? დიახ, მან საჯაროდ მომისაჯა მე სიკვდილი. ამის შემდეგ ლაპარაკი იმაზე, რომ მე მეშინია ვიღაც ადგილობრივი, წვრილმანი შანტაჟისტების, როცა არ შემეშინდა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი სუბიექტის მიერ გამოტანილი პირდაპირი სასიკვდილო განაჩენის, უხერხულია და სასაცილოა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე.

 

სააკაშვილის თქმით, მისი გუნდის წევრებს არ სჭირდებათ პოლიტიკური ამნისტია და მათზე პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს:

 

“მე სრულიად არ მივიღებ იმას, რომ თურმე ჩვენ ვითხოვთ ამნისტიას, სიტყვა ამნისტია ნაციონალური მოძრაობის და ყოფილი მთავრობის მრავალრიცხვოვანი აპარატისთვის არის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი. უნდა შეწყდეს მასშტაბური დევნა ათეულობით ათასი ადამიანის, რომელიც ამდენი წელი უანგაროდ ემსახურებოდა ქართული სახელმწიფოს შექმნის საკითხს. ეს არის მნიშვნელოვანი სამართლიანობის განცდისთვის, მომავალი თაობებისთვის და საქართველოში დემოკრატიის გადარჩენისთვის”, – აღნიშნა პრეზიდენტმა. მისი თქმით, თუკი საქართველო შურისძიების გზით გააგრძელებს სვლას, ნატოსკენ და ევროკავშირისკენ მიმავალი მატარებელი საქართველოს გარეშე გავა:

 

“თუ ჩვენ ამ მატარებლიდან ჩამოგვსვეს, ერთადერთი ჩვენი მომკითხავი პლატფორმაზე იქნება მხოლოდ საქართველოს დამპყრობელი და მიწასთან გამასწორებელი. ეს არის ის, რისი თავიდან აცილებაც მე მსურს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

მან საკონსტიტუციო ცვლილებეთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები შეაფასა და აღნიშნა, რომ პარლამენტის ყოფილი და ახლანდელი თავმჯდომარის მოლაპარაკებები ძირითადად კონსტრუქციულად მიმდინარეობდა და გარკვეულ საკითხებში მათი ხედვა დაემთხვა. მისი თქმით, დიალოგი უნდა გაგრძელდეს და დიალოგის პროცესიდან არც ერთმა მხარემ ერთი წუთითაც არ უნდა დაიხიოს უკან.

მასალების გადაბეჭდვის წესი