ახალი ამბები

სამხრეთ კორეამ საქართველოს ხუთი სამარშრუტო მანქანა აჩუქა

24 მაისი, 2017 • 3988
სამხრეთ კორეამ საქართველოს ხუთი სამარშრუტო მანქანა აჩუქა

კორეის მთავრობამ საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოს მთავრობას 5 სამარშრუტო მანქანა საჩუქრად გადასცა. გადაცემის  ოფიციალური ცერემონია „ჰიუნდაის“ ცენტრში გაიმართა.

სამხრეთ კორეის მიერ საქართველოსთვის ნაჩუქარი ავტომობილები

სამხრეთ კორეის მიერ საქართველოსთვის ნაჩუქარი ავტომობილები

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოფიციალურ ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია და კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის საქმეთა დროებითი რწმუნებული კიმ ინ ჰვანი დაესწრნენ.

მინისტრის მოადგილემ  ხაზი გაუსვა ბოლო წლებში საქართველოსა და სამხრეთ კორეის  განსაკუთრებულ თანამშრომლობას,  როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

„წელს საქართველო და კორეა აღნიშნავენ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავს და სიმბოლურია, რომ დღევანდელი ღონისძიება ამ თარიღსაც ეძღვნება. დღევანდელი ღონისძიება იმართება კორეის მთავრობის და საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის ერთობლივ პროექტის ფარგლებში, რაც ითვალისწინებს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის ტექნიკურ დახმარებას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს გადმოეცა 5 მინიავტობუსი. მანქანების საერთო ღირებულება 200 000 ამერიკულ დოლარამდეა“ – აღნიშნა დავით ჯალაღანიამ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით  საჩუქარი ცენტრალურ მთავრობაში, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გადანაწილდება.

დღესვე კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის საქმეთა დროებითი რწმუნებული კიმ ინ ჰვანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი