ვენეციის კომისიის მდივანი: ზოგიერთი გადაწყვეტილების მხრივ – პროექტი კარგია, საჭიროა გაუმჯობესებაც

ვენეციის კომისიის მდივნის განცხადებით, კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტი ზოგიერთი გადაწყვეტილების მხრივ –  კარგია, თუმცა, მისივე თქმით, საჭიროა გარკვეული გაუმჯობესებაც.

“ზოგადად, მიგვაჩნია, რომ ეს პროექტი არის საკვანძო წინ გადადგმული ნაბიჯი. ზოგიერთი გადაწყვეტილების მხრივ – პროექტი კარგია, საჭიროა გარკვეული გაუმჯობესებაც. ვფიქრობ, ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით კარგი იქნებოდა კომპრომისის გამონახვა, რომელიც კონსტიტუციის ტექსტთან დაკავშირებით საერთო კონსენსუსს მოიტანს,”- ეს განცხადება თომას მარკერტმა ბერლინში, კონსტიტუციური კანონის პროექტთან დაკავშირებით გამართული კონფერენციის შემდეგ გააკეთა.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით,  ორდღიანი კონფერენციის შედეგები შეესაბამება იმ მოლოდინს, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას ჰქონდა:

“ჩვენ შევიმუშავეთ ძალიან დახვეწილი პროექტი და ეს არის იმის გარანტია, რომ ვენეციის კომისიის მხრიდან, ისევე, როგორც ზოგადად, ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან, ამ დოკუმენტთან დაკავშირებით ძალიან მაღალ შეფასებას მივიღებთ. დოკუმენტი კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს შეესაბამება”.

კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ვენეციის კომისიამ  ბონუსის სისტემასთან დაკავშირებით გააკეთოს მინიშნება:

“შეიძლება, იყოს გარკვეული საკითხები, რასთან დაკავშირებითაც შეიძლება მივიღოთ რეკომენდაციები ვენეციის კომისიის მხრიდან და ეს რეკომენდაციებიც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. ვფიქრობთ, რომ შეიძლება იყოს ერთგვარი მინიშნება ბონუსის დაზუსტებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ალბათ, არ არის არც ერთი სხვა არსებითი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება არსებობდეს რაიმე პრინციპული ხასიათის სამართლებრივი შენიშვნა”, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.