ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას განცხადება იმის თაობაზე, თითქოს მამა გიორგიმ 50 მილიონი ევრო გაათეთრა, ცილისწამებაა.
ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, ისინი აპირებენ სასამართლოს მიმართონ ედიშერ ქარჩავას განცხადებების გამო. ადვოკატი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება დეკანოზთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მიიღო.
“როდესაც ამგვარ ინფორმაციას ავრცელებ საზოგადოებაში, როდესაც პოზიტიური დამოკიდებულება არსებობს მამა გიორგის მიმართ, ეს არის მიზანმიმართული, რომ მისი პატივი და ღირსება შეილახოს. ვისაც აქვს მის მიმართ დადებითი დამოკიდებულება, შეიცვალოს უარყოფით დამოკიდებულებად, შეურაცხყოფილი იყოს როგორც სასულიერო პირი და როგორც პიროვნება”, – ამბობს მიხეილ რამიშვილი.
ადვოკატის თქმით, როგორ შეიძლება საპატრიარქოს იურისტს ხელში ჩაუვარდეს ვითომ დანაშაულებრივი ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია, რადგან თუ ამგვარი არსებობდა, ის იქნებოდა დეკანოზ მამალაძის კომპიუტერში, რომელიც საქართველოს მთავარ პროკურატურაშია.
მიხეილ რამიშვილი ფიქრობს, რომ პროკურატურამ ეს მასალა გადაუგზავნა საპატრიარქოს “თავისი ვიწრო ინტერესებიდან” გამომდინარე, რომ შეელახათ დეკანოზის პატივი და ღირსება.”
ედიშერ ქარჩავამ, მართლმადიდებელი ეკლესიის იურისტმა, გადაცემაში “აქცენტები” განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ფულის გათეთრება სურდა.
ქარჩავამ განაცხადა, რომ ესპანეთში გახსნილი კომპანიის მეშვეობით უკანონო 50 მილიონი ევროს ოდენობის ტრანზაქცია უნდა განხორციელებულიყო. ხოლო ტრანზაქციის “თავმჯდომარე” იყო დეკანოზი გიორგი მამალაძე.
ქარჩავას თქმით, ეს უნდა გაკეთებულიყო ეკლესიის გამოყენებით, რაც დააზარალებდა როგორ საპატრიარქოს, ისე სახელმწიფოს. მისი განცხადებით, არსებობს ხელშეკრულება, რომელზეც ხელს აწერს მამალაძე.
ქარჩავა ამბობს, რომ ეს მტკიცებულებები საპატრიარქოში აღმოჩნდა, ეს დოკუმენტი მას ხელთ არ გააჩნია, მაგრამ აქვს ერთ პიროვნებას, რომელიც საეკლესიო წრეს მიეკუთვნება.