ახალი ამბები

როგორ აფასებენ არასამთავრობოები ახალი მთავრობის საქმიანობას

18 თებერვალი, 2013 •
როგორ აფასებენ არასამთავრობოები ახალი მთავრობის საქმიანობას

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე საკუთარ მოხსენებაში წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებული პირების გათავისუფლების საკითხს, ასევე ამნისტიასა და პოლიტიკური პატიმრების აღიარების პროცესს შეეხო.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, სამართლიანობის აღდგენის პირველ მცდელობას წარმოადგენდა ის, რომ ოქტომბრის პირველ კვირაში პროკურატურის მიმართვის საფუძველზე სასამართლომ დაკავებულ პირებს ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა შეუმცირა, რის შემდეგაც აღნიშნული პირები საპატიმრო დაწესებულებებიდან გათავისუფლდნენ.

კახა კოჟოიძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მინიჭება შემჭიდროვებულ ვადებში და საქმეების საფუძვლიანად შესწავლის გარეშე წარიმართა. საიამ უარყოფითად შეაფასა საქართველოს პარლამენტის ინიციატივაც პოლიტპატიმართა ახალი სიის ფორმირებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ამნისტიას, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დადებითად შეაფასა ამნისტიის პროცესი, “ვინაიდან სასჯელაღსრულების სისტემაში განვითარებულმა “სისტემურმა მარცხმა” და სხვა ფაქტორებმა საზოგადოებაში უსამართლობის განცდა გააჩინა”

რაც შეეხება ყოფილი თანამდებობის პირთა დაკავების და გამოძიების საკითხებს, საია მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი კვლავ თენგიზ გუნავას საქმესთან დაკავშირებით არსებობს. საიას ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სამართალდამცავ ორგანოებს სათანადო რეაგირება არ მოუხდენიათ ზოგიერთ საქმეზე, მაგალითად, ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარ ფაქტებთან და პოლიციის შენობაში ბექა და ლაშა გოჩიაშვილების დაკითხვის საკითხთან დაკავშირებით.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა საჯარო სამსახურში მიმდინარე ცვლილებებზე ისაუბრა:

“საჯარო მოსამსახურეების დიდი ნაწილი თვითონ წერს განცხადებას სამსახურიდან წასვლის თაობაზე, ბევრ შემთხვევაში მათ მაღალი თანამდებობის პირები აიძულებენ განცხადების დაწერას, ხოლო ახალი კადრების აყვანა ხშირ შემთხვევაში კონკურსის გარეშე, გაუგებარი კრიტერიუმებით ხდება”, – განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ახალ ხელისუფლებას აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირების მოხდენისა და ხარვეზების აღმოფხვრის რეკომენდაციას აძლევს.

ადგილობრივ თვითმმართველობებში განვითარებულ მოვლენებს შეეხო საკუთარ მოხსენებაში “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ხელმძღვანელი ნინო ლომჯარიაც. მან ყურადღება გაამახვილა 21 მუნიციპალიტეტში მიმდინარე საკადრო ცვლილებებზე, როდესაც თანამშრომლების გათავისუფლება ხელმძღვანელობასთან თათბირის შემდეგ საკუთარი განცხადების საფუძველზე ხდება.

ორგანიზაცია არ ამართლებს მთელ რიგ მუნიციპალიტეტებში დაფიქსირებულ ზეწოლის და ძალადობის ფაქტებს და ხელისუფლებას მოუწოდებს უზრუნველყოს თვითმმართველობების ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში ფუნქციონირება.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ უახლოეს მომავალში დაიწყოს საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე მუშაობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი