ახალი ამბები

პროკურატურამ აუდიტის სამსახურიდან ფარცხალაძის საქმე გამოითხოვა

22 მაისი, 2017 • 1717
პროკურატურამ აუდიტის სამსახურიდან ფარცხალაძის საქმე გამოითხოვა

დღეს, 22 მაისს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ წერილობით მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და მოითხოვა პროკურატურაში მიმდინარე შემოწმების მასალების გადაგზავნა, რომელიც შეეხება  2016 წლის პერიოდში ქ. თბილისის მერიის მიერ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების (მიწის ნაკვეთების) გადაცემის კანონიერებას.

პროკურატურის ცნობით, საქართველოს გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას მიერ მედიასაშუალებებში გაკეთდა არაერთი განცხადება, რომელშიც მიუთითებდა, რომ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური სწავლობდა თბილისის მერიის მიერ 2016 წელს მიწის ნაკვეთების გადაცემის საკითხის კანონიერებას და მასში იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები.

“მიუხედავად არაერთი განცხადებისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ არ მოხდა აღნიშნული მასალების გასაჯაროება და რეაგირების მიზნით სამართალდამცავი ორგანოსთვის  გადაგზავნა.

ვინაიდან ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 241-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის ნიშნების შემცველი აუდიტის მასალების გადაგზავნა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს სამართალდამცავ ორგანოში, რასაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური აჭიანურებს,   საქართველოს პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, თავად გამოითხოვოს აღნიშნული  მასალები შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისთვის”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

წერილი საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დღეს გაუგზავნა. დღესვე, 15:00 საათზე, აუდიტის სამსახური ამ დოკუმენტების გასაჯაროებას აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი