ახალი ამბები

საია: დეკანოზის სასამართლო სხდომის სრულად დახურვა გაუმართლებელია

20 მაისი, 2017 •
საია: დეკანოზის სასამართლო სხდომის სრულად დახურვა გაუმართლებელია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესის სრულად დახურულად წარმართვას გაუმართლებლად მიიჩნევს.

საიას განცხადებით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სრულად დაიხურა. პროკურატურა სხდომების დახურვას ასაბუთებდა საქმეში არსებული აუდიო, ვიდეო და წერილობითი მტკიცებულებების არსებობით, რომელიც, მათი განმარტებით, როგორც ბრალდებულ გიორგი მამალაძის, ისე სხვა პირების პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და ინტიმურ დეტალებს შეიცავდა:

“აღსანიშნავია, რომ სასამართლო განხილვის საჯაროობა არის სამართლიანი სასამართლო განხილვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი. 1 სასამართლო სხდომის საჯაროობა მნიშვნელოვანია, როგორც ინდივიდის უფლებების სრულყოფილად რეალიზებისთვის, ასევე, საზოგადოებისთვის. საჯარო ხასიათი იცავს მხარეებს საზოგადოების მეთვალყურეობის გარეშე, მართლმსაჯულების საიდუმლო განხორციელებისგან.  სხდომის საჯაროობა ასევე არის ერთ-ერთი საშუალება, რომ საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ ნდობა იქნას შენარჩუნებული . შესაბამისად, სხდომის დახურვა მხოლოდ განსაკუთრებულ, გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება იყოს გამართლებული, მაშინ, როცა უფრო ნაკლებად შემზღუდველი საშუალებით ვერ იქნება მიზანი მიღწეული” – ვკითხულობთ საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საიას შეფასებით,  თუ საქმეში არსებობს პირთა პირადი ცხოვრების უფლებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საჭიროება, სასამართლო სხდომის სრულად დახურვის ნაცვლად, მნიშვნელოვანია, გამოყენებულ იქნას სასამართლო სხდომის საჯაროობის უფლების ნაკლებად შემზღუდველი მექანიზმი; კერძოდ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ  სხდომა ასეთ შემთხვევაში, ნაწილობრივ უნდა დაიხუროს.

“სისხლის საამრთლის საპროცესო კოდექსი პირდაპირ ანიჭებს მოსამართლეს ამგვარ შესაძლებლობას, როგორც მხარის შუამდგომლობით, ასევე, საკუთარი ინიციატივით. აღსანიშნავია, რომ ამ საქმესთან მიმართებაში არსებობს განსაკუთრებით მაღალი საჯარო ინტერესი. ამასთან, გამოძიების ეტაპზე პროკურატურის მიზანმიმართული მოქმედებების და მაღალი თანამებობის პირების მიერ გაკეთებული განცახდებების გამო, ცალსახად დაირღვა როგორც მამალაძის უდანაშაულობის პრეზუმპცია, ასევე – მხარეთა თანასწორობის უფლება” – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საიას შეფასებით, გამოძიების ეტაპზე პროკურატურის ქმედებები საზოგადოებრივი აზრის ბრალდებულის უფლებებისა და ინტერესების საზიანოდ განვითარებას ემსახურებოდა:

“ამ ფონზე სასამართლო განხილვების საჯაროობა წარმოადგენს ერთადერთ შესაძლებლობას, ბრალდებულმა და დაცვის მხარემ პასუხი გასცენ საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებს, რომელიც, მათ შორის, პროკურატურის მხრიდან ცალმხრივად გამოქვეყნებულმა მტკიცებულებებმა გამოიწვია, ხოლო საზოგადოებამ – შეიტყოს სრული სიმართლე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. საია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას და სასამართლოს, გაითვალისწინოს საქმის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესი, თავად ბრალდებულის უფლება და მოთხოვნა სხდომის ღიაობასთან დაკავშირებით და იმოქმედონ ისე, რომ მაქსიმალურად ნაკლები ინტენსივობით შეიზღუდოს ბრალდებულის უფლებები და არ მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი სასამართლო პროცესის მიმართ საზოგადოებაში ნდობის შენარჩუნებას” – ნათქვამია საიას განცხადებაში.


დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალად პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ანგარებით მკვლელობის მომზადება ედება. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა (სსკ 18, 109 და 236-ე მუხლები).

მამალაძისთვის წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

გამოძიების ცნობით, 2017 წლის 2 თებერვალს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შორენა თეთრუაშვილთან და სხვა პირებთან ერთად სამკურნალოდ გაემგზავრა გერმანიაში.

“გიორგი მამალაძემ აღნიშნული ფაქტი მიიჩნია ხელსაყრელ ვითარებად, ვინაიდან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეინიღბებოდა მისი განზრახვა. ამავდროულად, მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით გამოწვეული სიკვდილის მიზეზისა და დანაშაულის ჩამდენი პირის დადგენა საგრძნობლად გართულდებოდა,” – აცხადებს პროკურატურა.

გამოძიების ცნობით, გიორგი მამალაძემ უმოკლეს ვადაში შეიძინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი 0,8740 გრამი მომწამვლელი ნივთიერება, „ნატრიუმის ციანიდის“ შემცველი ფხვნილი.

2017 წლის 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი მამალაძე დააკავეს. პროკურატურის ცნობით, მისი ბარგის დათვალიერებისას ამოიღეს ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამვლელი ნივთიერება “ნატრიუმის ციანიდი”.

თავად გიორგი მამალაძე ბრალდებებს არ აღიარებს. იგი ამბობს, რომ ციანიდის შეძენა მას თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა, თუმცა საბოლოოდ არ შეუძენია, ციანიდი მის ბარგში არ ყოფილა და ჩაუდეს.

პორკურატურას ცალკე წარმოებად აქვს გამოყოფილი საქმე, რომელიც ეხება საპატრიარქოს მაღალი რანგის პირების შესაძლო მკვლელობას მომზადებას პირთა ჯგუფის მიერ.
დღეს, 19 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის არსებითი განხილვა იწყება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი