ახალი ამბები

უგულავა დაიკითხა

16 თებერვალი, 2013 • 1198
უგულავა დაიკითხა

“ვიყავით იმ დეტალების აღწერით დაკავებული, რომელიც პრინციპში საზოგადოებამ იცის და არაერთი კამერით და არაერთი რაკურსით იყო გადაღებული და შესაბამისად, იქ ჩემი აზრით, გასარკვევიც არაფერი იყო”, – განაცხადა დაკითხვის შემდეგ თბილისის მერმა.

 

მისი თქმით, გამოძიებას არ აქვს მის რამდენიმე შეკითხვაზე პასუხი:

 

“თუ რატომ არც ერთი პოლიციელი არ მოვიდა სამების წინ მოედანზე და არც მე და არც ერთი სხვა პირი არ გააფრთხილა, რომ თურმე არსებობდა ალტერნატიული შესასვლელი და ეს მიმაჩნია მე შეცდომად, ასევე, რატომ არ იყო გაკეთებული კორდონი სამების მოედნისა და ფურცელაძის ქუჩის მხარეს და რატომ არ მოხდა პოლიციის მხრიდან უშუალო შეხების წერტილში კორდონის გაკეთება იმისათვის, რომ ის მოძალადე მხარე ბოლომდე არ გადმოსულიყი და არ მომხდარიყო ის დარბევა, რაც მოხდა.

 

ამ შეკითხვებზე, სამწუხაროდ, პასუხი არ არის ისევე, როგორც სავარაუდოდ ამდენი ხსენების შემდეგ მოჩურჩულე ნანა კაკაბაძეს დაკითხავენ, შეიძლება არც დაკითხონ. მეეჭვება, რომ პოლიციის რომელიმე მაღალჩინოსანი და მინისტრი ღარიბაშვილი დაიკითხოს, თუმცა ამ კითხვებზე პასუხისმგებლობა სწორედ მათ მოეთხოვებათ.”

 

უგულავამ განმარტა იმ ვიდეომასალაზე აღბეჭდილი სიტუაციის გარემოებები, სადაც ის შოუს დადგმისკენ მოუწოდებდა ბიბლიოეთეკასთან შეკრებილებს:

 

“ხელის ჟესტიკულაცია ჩემი ეხებოდა და მიმართული იყო ჩემი თანმხლები პირების მიმართ, დეპუტატებისკენ, ვინც იქ იყვნენ, ვინც შესვლას აპირებდა ბიბლიოთეკაში, რომ ერთად გვევლო იმისათვის, რომ თავიდან აგვეცილებინა ზედმეტი ინდივიდუალური თავდასხმები.

 

რაც შეეხება სიტყვა “შოუს”, მე ის ვიხმარე ძალიან კონკრეტულ კონტექსტში და სამწუხაროდ, ძალიან იაფფასიანად ბატონი ღარიბაშვილი ამით მანიპულირებას ცდილობდა, კერძოდ, ეს კონტექსტი იყო ძალიან კონკრეტული: როდესაც ჩვენ მივდიოდით და აქეთ-იქით გაუთავებელი ლანძღვა, კვერცხებისა და სხვა ნივთების სროლა მიდიოდა, მე პოლიციას რამდენჯერმე, კანტიკუნტად, უსაქმოდ მდგომ პოლიციას შევახსენე, რომ მათ წესრიგი დაემყარებინათ, რაზეც უმოქმედობა მივიღე და შემდეგ რომელიღაცა კონკრეტული პირის, რომელიც უშვერად ილანძღებოდა, იმის მისამართით ვთქვი, რომ თუ შოუ გინდათ, ა, თქვენ შოუ, აი, ეს იყო და ეს.”

 

უგულავას თქმით, მას ეეჭვება, რომ ამ საქმეზე ისევ მოხდეს მისი დაკითხვა, რადგან, როგორც ამბობს, რა ინფორმაციაც ჰქონდა, უკვე მიაწოდა გამოძიებას.

 

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა პოლიციამ დაკითხვაზე რამდენიმე დღის წინ დაიბარა 8 თებერვლის საქმეზე, თუმცა მან უარი განაცხადა პოლიციაში მისვლაზე, რის შემდეგაც სასამართლომ მიიღო მისი პოლიციაში იძულებით წარდგენის გადაწყვეტილება. საბოლოოდ კი, გიგი უგულავა თავისი ნებით მივიდა პოლიციაში და მისცა ჩვენება მოწმის სტატუსით.

 

გიგი უგულავა დღემდე ერთხელ უკვე დაიკითხა, მხოლოდ სხვა საქმეზე საკუთარ კაბინეტში, თბილისის მერიაში. მან მოწმის სტატუსით პროკურატურას და საგამოძიებო სამსახურს მისცა ჩვენება “თბილსერვის ჯგუფის” საქმეზე, რომელიც ეხება “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების ფიქტიურად დასაქმებას და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი