ახალი ამბები

ადვოკატი: ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენაზე საუბარი აბსურდულია

17 მაისი, 2017 •
ადვოკატი: ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენაზე საუბარი აბსურდულია

ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გამოკითხვა დასრულდა. როგორც ფარცხალაძის ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი ამბობს, გამომძიებლები დაინტერესდნენ, ვისთან ერთად იმყოფებოდა ყოფილი მთავარი პროკურორი კაფეში, სადაც ინციდენტი მოხდა, და იმყოფებოდა თუ არა ის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ. ადვოკატის თქმით, ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენა აბსურდულია. ის დღეს მოწმის სტატუსით გამოიკითხა:

“ჩვენ დეტალურად მოვუყევით ამბავი, ის ინფორმაცია, რაც ბატონ ოთარისთვის იყო ცნობილი. საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რაიმე სახის ალკოჰოლური თრობის ქვეშ ხომ არ იყო თავად, ვისთან ერთად იმყოფებოდა ბატონი ოთარი ამ კაფე-ბარში, რა იყო მისთვის ცნობილი. ასევე დაისვა ძალიან ბევრი კრიტიკული კითხვა იგივე ბატონ ლაშა თორდიას მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.  მათ შორის არანაირ ფიზიკურ კონტაქტს ადგილი არ ჰქონია. რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩადენილი არ არის. გამოძიება მიმდინარეობს. ჩემ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, აქ რაიმე ლაპარაკი მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე და ბრალის წარდგენაზე უბრალოდ აბსურდულია” – ამბობს გაგი მოსიაშვილი.

გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას განცხადებით, 13 მაისს, გამთენიისას თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და დაცვის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა. მისივე თქმით, თავდასხმა აუდიტის სამსახურის საქმიანობას ეხებოდა, კერძოდ, საქმე 2016 წელს მიწების გადაცემის საკითხს ეხება და მასში ოთარ ფარცხალაძის გვარი ფიგურირებს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ოთარ ფარცხალაძის თქმით, ყველა სამართლებრივ გზას მიმართავს, რათა მისი დარღვეული უფლებები აღადგინოს და გენერალურ აუდიტორს ბოდიში მოახდევინოს საჯარო ცილისწამებისთვის. ფარცხალაძის შეფასებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ექსკლუზიურად ავრცელებს.  მისივე  განცხადებით, კონფლიქტის ინიციატორი ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია იყო.

თავად ყოფილი მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ გენერალური აუდიტორისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა მას არ მიუყენებია. ჟურნალისტების კითხვას, მაშინ ვინ სცემა ლაშა თორდია, მან ასე უპასუხა: “ჰკითხეთ თორდიას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი