ივანიშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, აბდულაჰ გულის რეზიდენციას სტუმრობდა. როგორც პრემიერის აპარატი ავრცელებს ინფორმაციას, შეხვედრების ძირითადი თემა ორი მეზობელი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეეხებოდა.
“საუბარი წარიმართა მრავალმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტებზე. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა თბილ, მეგობრულ გარემოში წარიმართა.”
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღესვე საქართველოს პრემიერ–მინისტრი თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისს ეწვია, სადაც შეხვედრა თურქეთის დიდი ეროვნულ მეჯლისის თავმჯდომარესთან გაიმართა.
ოფიციალურ პირებთან შეხვედრების დაწყებამდე, ბიძინა ივანიშვილმა ათათურქის მავზოლეუმი მოინახულა და ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში პრემიერ–მინისტრთან ერთად, ეკონომიკის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი, ფინანსთა სამინისტროსა და კუტურის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან.