ახალი ამბები

“რუსთავი 2”: ყოფილი პატიმარი ბედუკაძეს გაუპატიურებაში სდებს ბრალს

13 თებერვალი, 2013 •
“რუსთავი 2”: ყოფილი პატიმარი ბედუკაძეს გაუპატიურებაში სდებს ბრალს

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, “ვახტანგი” თაღლითობისა და საბუთების გაყალბების ბრალდებით იხდიდა სასჯელს და მიმდინარე წლის 7 თებერვალს გათავისუფლდა ციხიდან. იგი თავად დაუკავშირდა ტელეკომპანიას და მასზე განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის შესახებ აცნობა.

 

ინტერვიუში “ვახტანგი” ჰყვება, რომ ბედუკაძემ და მისმა მეგობარმა, მეტსახელად “ბასტიმ” ის გააუპატიურა:

 

“ბედუკაძემ ხელი დამარტყა, ბორკილები დამადო და დაამყარა ჩემთან სქესობრივი კავშირი… მერე შემოვიდა “ბასტი” და იმანაც იგივე გააკეთა”.

 

“რუსთავი 2”-ის ცნობით, ისინი შეეცადნენ თავად ბედუკაძესთან დაკავშირებას, რომელიც ტელევიზიის ინფორმაციით, პროკურატურაში იმყოფება და იქ დაცვის თანხლებით შევიდა.

 

ბედუკაძის ადვოკატები კი ამ ბრალდებას შეთხზულს უწოდებენ და პროვოკაციად აფასებენ.

 

ტელეკომპანიასთან საუბარში “ვახტანგი” აცხადებს, რომ ითხოვს ბედუკაძის დასჯას და მის დაკითხვას სასამართლოში.

 

შეგახსენებთ, რომ გასული წლის სექტემბერში ციხეებში წამების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა, რომლის ავტორიც გლდანის საპყრობილის ყოფილი თანამშრომელი ვლადიმერ ბედუკაძე აღმოჩნდა, რომელიც იმ დროისთვის ბელგიაში აფარებდა თავს. საქმის გამოძიების შედეგად მასზე გამოცხადდა ძებნა, თუმცა ის საქართველოში რამდენიმე კვირის წინ დაბრუნდა. სასამართლომ ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა ციხიდან, სადაც მხოლოდ ერთი ღამე გაატარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი