ახალი ამბები

ვინ და რატომ გაშალა ბაგრატის ტაძრის ეზოში ლგბტქი დროშა

17 მაისი, 2017 •
ვინ და რატომ გაშალა ბაგრატის ტაძრის ეზოში ლგბტქი დროშა

2017 წლის 11 მაისს ორმა აქტივისტმა ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში ლგბტქი დროშა და ბანერი გაშალეს, წარწერით – ჩვენ თქვენ შორის ვართ”. ვინ არიან ეს ადამიანები? რას საქმიანობენ და რა პრობლემებს აწყდებიან ყოველდღიურად?

17 მაისის – ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან (IDAHOT) დაკავშირებით ლგბტ ადამიანების მხარდასაჭერად ფოტოკამპანია რამდენიმე დღის წინ დაიწყო, სახელწოდებით – ეს ქუჩა დაკავებულია.

“ფოტოკამპანია #ესქუჩადაკავებულია ლგბტ ადამიანების და მათი მხარდამჭერების პასუხია საზოგადოებრივი სივრცეებიდან მათი უხეშად განდევნის ფაქტებზე, იმ პირობებში, როცა სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას და ფუნდამენტურ უფლებას – იარონ ქუჩაში თავისუფლად, დაუცველობის შეგრძნების გარეშე.

სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში გადაიღეს ფოტო ლგბტქი აქტივისტებმა და “იდენტობის” ქუთაისის ოფისის თანამშრომლებმა, თამარ რაზმაძემ და ანანო სურმავამ.

თამარ რაზმაძე 26 წლისაა, ის პროფესიით ჟურნალისტია. უკვე 3 წელია “იდენტობაში” მუშაობს. ორგანიზაციული საქმიანობისა და აქტივიზმის გამო მას ლგბტქი ადამიანებთან აიგივებენ, ამის გამო თავდასხმის ობიექტიც გამხდარა.  სწორედ ამიტომ, თამარ რაზმაძე ამბობს, რომ მას იგივე პრობლემები აწუხებს, რაც ამ ჩაგრულ ჯგუფს.

“რამდენიმე ლგბტ მეგობარი მყავდა, ვუყურებდი, რა პრობლემები ჰქონდათ, რა ზეწოლას განიცდინენ. ამის გამო პროტესტის გრძნობა გამიჩნდა და გადავწყვიტე, აქტივიზმის საშუალებით მათი უფლებების დაცვისთვის შემეწყო ხელი. ეს ადამიანები განიცდიან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, როგორც საზოგადოების, ისე ოჯახის წევრების მხრიდან. არ აქვთ ელემენტარული უსაფრთხოების განცდა, რადგან სახელმწიფო მათ უფლებებსა და თავისუფლებებს არ იცავს. მათ არ შეუძლიათ, ქუჩაში ერთმანეთს ჩაეხუტონ, აკოცონ. თანაცხოვრების შემთხვევაში ქონებრივი საკითხებიც ვერ რეგულირდება. ხშირად ისეც ხდება, რომ როცა დამსაქმებელი იგებს თანამშრომლის სექსუალური ორიენტაციის შესახებ, მას სამსახურიდან ათავისუფლებს. ქუთაისში ორი კაფედან გამოუშვეს მიმტანი,“ – იხსენებს თამარ რაზმაძე.

ფოტო: ფეიბუკის პირადი გვერდიდან

თამარ რაზმაძე, ფოტო: ფეიბუკის პირადი გვერდიდან

რატომ ბაგრატის ტაძარი?

თამარ რაზმაძის აზრით, საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესია, საპატრიარქო ძალაუფლების მქონე ერთ-ერთი მთავარი შტოა, რომელიც ლგბტქი ადამიანებს პრობლემებს უქმნის და მათ იზოლიაციას ცდილობს.

ფოტო: 17 მაისი

ეს ქუჩა დაკავებულია, ფოტოკამპანია ბაგრატის ტაძართან, ფოტო: 17 მაისი

“ამის ნათელი მაგალითი 2013 წლის 17 მაისს განვითარებული მოვლენებია. შესაბამისად, ჩვენი პროტესტი აბსოლუტურად ლეგიტიმური იყო. ეკლესია საზოგადოებაში ყველაზე მძლავრი ინსტიტუციაა და ადამიანებს ჩვენ წინააღმდეგ გეშავს. ამიტომ ბაგრატიდან აღვნიშნეთ, რომ მათ შორის ვცხოვრობთ, რომ უნდა გვაღიარონ. ტაძრის ეზოში იყვნენ ჩოხოსნები, სასულიერო პირები, მრევლის ნაწილი. ჩვენ ჩუმად და უცებ არ გადაგვიღია ფოტო, მაგრამ მათ ყურადღება არ მოუქცევიათ. აგრესიული რეაქცია არ ჰქონიათ.

როგორც წესი, ეკლესია კულისებიდან მოქმედებს, იქიდან მართავს სიტუაციას. ამიტომ მღვდლები ფიზიკურ აგრესიაზე არ მოდიან ხოლმე, ამისთვის ხალხს იყენებენ. ერთადერთი გამონაკლისი 2013 წლის 17 მაისია, როცა კულისებიდან გამოცვივდნენ და ტაბურეტებით გამოგვეკიდნენ.”

მუქარა

ფოტოების ინტერნეტში გავრცელების შემდეგ აქტივისტებს ინტერნეტში არაერთი შეურაცხყოფა მიაყენეს, იყო ირიბი მუქარაც, რის გამოც თამარ რაზმაძემ პოლიციას განცხადებით მიმართა. მუქარის ავტორი ორგანიზაცია “ქართული იდეის” ქუთაისის ოფისის ფეისბუკ გვერდია.

მუქარა

“მითხრეს, რომ ეს იქნება განცხადება მაკულატურისთვის. 10 დღის ვადაში მომწერენ პასუხს, მაგრამ წინასწარ მითხრეს, დახლოებით რას მომწერდნენ. თქვეს, რომ ამ სიტყვებში მუქარა არ არის და საქმეს ვერ აღძრავენ,” – ამბობს თამარ რაზმაძე.

კრიტიკა

ბაგრატის ტაძარში დროში გაშლის გამო თამარ რაზმაძე და ანანო სურმავა კრიტიკის ობიექტები გახდნენ. მოქალაქეების ნაწილმა მიიჩნია, რომ ამ აქტივობის ასეთ ადგილზე გამართვა ლგბტქი ადამიანების უფლებებისთვის ბრძოლის სტრატეგიასთან შეუსაბამოა და მიზანშეწონილი არ არის.

“მე არ მესმის, როგორ შეიძლება ხედავდე  ეკონომიკურ და სოციალურ ჩაგვრას და ვერ ხედავდე ჰეტერონორმატიულ და პატრიარქალურ ჩაგვრას, ან პირიქით. იმ აქტივისტების არ მესმის, ვინც ამბობს, რომ ეს ფოტო გამაღიზიანებელი იყო. ამ ლოგიკით 2013 წლის 17 მაისიც გამაღიზიანებელი იყო. ვინც ფორმას გვიწუნებს, ნებსით თუ უნებლიეთ ჰომოფობიის და სიძულვილის წისქვილზე ასხამენ წყალს.

ჩვენ ეს კამპანია გაუაზრებლად არ გაგვიკეთებია. სიძულვილით მოტივირებული ადამიანებისგან ველოდებოდით ასეთ რეაქციას. ახლა, როცა შედეგები ვიცით, უკან რომ დავბრუნდე, მაინც იმავეს გაავაკეთებდი. აღარ დარჩა გაჩუმების დრო.”

ოჯახის პოზიცია

საკუთარი საქმიანობის გამო ზეწოლას არა მარტო საზოგადოებიდან, არამედ ოჯახიდანაც განიცდის. თამარ რაზმაძეს ოჯახი არათუ გვერდში უდგას, არამედ წინააღმდეგობასაც უწევენ:

“აქტივისტების ოჯახის წევრებს  მათი საქმიანობა არ მოსწონთ. ამ მხრივ არც მე ვარ გამორჩეული.  ჩემი საქმიანობის გამო  ოჯახში ცოტა დაძაბული ურთიერთობა მაქვს მამასთან და ძმასთან, მეწინააღმდეგებიან. არ ვთვლი, რომ მუქარის წერილებმა ან ოჯახის წევრების ზეწოლამ ძალა უნდა დაგვაკარგინოს, პირიქით, უნდა გავძლიერდეთ და ვეცადოთ მყარები ვიყოთ ჩვენს პოზიციებში.”

ვინ და რას ლაპარაკობს ლგბტქი ადამიანებზე?

საზოგადოებაში ლგბტქი ადამიანების ხილვადობა სუსტია. მათი უმრავლესობა არ ლაპარაკობს  იმ წნეხზე, უფლებრივ შეზღუდვებსა და ჩაგვრაზე, რასაც ოჯახიდან და საზოგადოებიდან განიცდიან. შესაბამისად, უმეტესად მათ პრობლემებზე აქტივისტები და უფლებადამცველები საუბრობენ. შეუძლია თუ არა ჰეტეროსექსუალ ადამიანს ის ჩაგვრა გადმოსცეს, რაც არ განუცდია?

“ჰეტერონორმატიული ჩაგვრის გარდა, გენდერული ჩაგვრაც არსებობს. ჩვენთვის, ქალებისთვის ჩაგვრა უცხო არ არის. ამის გარდა, არსებობს თანაგანცდის მომენტიც. ჩვენ, აქტივისტები მგრძნობიარენი ვართ და მაქსიმალურად ვცდილობთ, ეს პრობლემები ზუსტად გავახმიანოთ. როცა უშუალოდ შენ გეხება ძლადობა და უშუალოდ განიცდი, ცხადია, უკეთ იცი, რაშია საქმე. ”

ფოტო: 17 მაისი

ეს ქუჩა დაკავებულია, ფოტოკმაპანია საქართველოს პარლამენტთან, ფოტო: 17 მაისი

ხილვადობა ქუთაისში და ინტერნიზებული ჰომოფობია

თამარ რაზმაძის ინფორმაციით, ქუთაისში სიძულვილით მოტივირებული ოთხი შემთხვევა მოხდა, როცა ლგბტქი ადამიანებს თავს დაესხნენ. მისივე თქმით, რამდენიმეჯერმე ჰომოსექსუალები ბარიდანაც გამოაგდეს:

“ქუთაისი პატარა ქალაქია და თვითონ თემში არის ბევრი ინტერნიზებული ჰომოფობი. ბევრს აქვს შიში, რომ ვიღაცამ შეიძლება გაიგოს, რომ გეი არის და თავის დაცვას ცდილობენ. რეგიონებში ამ კუთხით რთული სიტუაციაა. ასეთი ფრაზა არსებობს- “გაბაზრებული ხომ არ ხარ”, ამით ამოწმებენ ერთმანეთთან ურთიერთობის დაჭერის “საფრთხეს”.

ამ ადამიანების ხილვადობაც სუსტია. საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს ამ საკითხებზე. როცა ერთ-ერთ ” გეი ფრენდლი” ბარში ვმუშაობდი, ჩვენ იქ დროშაც ჩამოვკიდეთ და რამდენიმე ივენთიც გავაკეთეთ. ამ ბარში ისეთი ადამიანებიც დადიოდნენ, რომლებიც მათი თქმით, ჰომოსექსუალებს ერჩიან. ამბობდნენ, როგორები არიან ქართველი გეები? არსებობენ კი? დაგვანახეთ. ჩემი დაკვირვებით, მათ წარმოუდგენიათ, რომ ყველა გეი მათთან სექსს ან გაუპატიურებას მოინდომებს. ეს შიში ინფორმაციის დეფიციტით აიხსნება. ”

ბაგრატის “დალაშქვრის” შედეგი

“რამდენიმე დღეა, რაც ეს ფოტო დაიდო. დისკუსიის ინიცირება მოხდა. მართალია, ეს დისკუსია ნეგატიურ კონოტაციას ატარებს, მაგრამ ეს შედეგია. თუ დისკუსიით არ დავიწყეთ, ისე არაფერი გამოვა. ასე, უცებ შედეგს ვერაფერი გამოიღებს. როცა სიტუაცია ცოტათი დაწყნარდება, ვნახავთ, რამდენად შედეგიანი იყო ეს აქტივობა. ვიღაცები ფიქრობენ, რომ 2013 წლის 17 მაისიც პროვოკაციული გამოსვლა იყო, თუმცა ეს გარდამტეხი მომენტი იყო აქტივიზმის განვითარების და ლგბტქი ადამიანების ხილვადობის თვალსაზრისით,” – ამბობს თამარ რაზმაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი