“არ ვიცი რატომ ატყდა ეს ამბავი, ყველა მხრიდან მირეკავენ. არანაირი შემოთავაზება საქართველოს რკინიგზიდან არ მქონია, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის არავის არ უთქვამს ამის შესახებ, არავისთვის არ დამიდასტურებია, რომ “საქართველოს რკინიგზაში” ვიწყებ მუშაობას”, – განუცხადა დაჩი ცაგურიამ “ნეტგაზეთს”.
კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ შემოთავაზება ექნება “საქართველოს რკინიგზის მხრიდან”, დათანხმდება თუ არა, ცაგურია პასუხობს, რომ არ იცის და წინასწარ ვერაფერს ვერ იტყვის ამის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სახელმწიფოს კუთვნილ შპს “საქართველოს რკინიგზაში” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა მოძრაობა “დაიცავი საქართველოსა” დამფუძნებელი და “ამომრჩეველთა ლიგის” თავმჯდომარე კოკა გუნცაძე.
დაჩი ცაგურია წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ აქციებში. ის არაერთხელ იყო დაპატიმრებული ადმინისტრაციული წესით.




