ახალი ამბები

ლელა გაფრინდაშვილმა თსუ–ს სასამართლო პროცესი მოუგო

13 თებერვალი, 2013 •
ლელა გაფრინდაშვილმა თსუ–ს სასამართლო პროცესი მოუგო

აღნიშნული გადაწყვეტილება საპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან დუგლაძემ დღეს, 13 თებერვალს გამოიტანა. ლელა გაფრინდაშვილის ინტერესებს კი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

 

ლელა გაფრინდაშვილი სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას “ბოლშევიზმზე გამარჯვებად” აფასებს.

 

“ეს სასამართლო პროცესი იყო ჩემთვის უმნიშვნელოვანესი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ამ სასამართლო პორცესს არ წამოვიწყებდი იმიტომ, რომ ეს იყო ჩემი უფლებების უკიდურესად უხეში დარღვევა, რაც გააკეთა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საკონკურსო კომისიამ ჩემ მიმართ. მათ პოლიტიკური მოსაზრებებით გამომაგდეს უნივერსიტეტიდან ჩემი უფლებების უხეში დარღვევით ისე, რომ მე არ მომეცა კონკურსში სრულფასოვანი მონაწილეობის საშუალება. პირველ ინსტანციაში მე წავაგე სასამართლო, ახლა კი სააპელაციო სასამართლოში მოვიგე. ძალიან გახარებული ვარ ამ ყველაფრით იმიტომ, რომ აშკარა იყო ყველაფერი, ხელისგულზე იდო, რომ ეს იყო შეთქმულება ჩემ წინააღმდეგ და აბსოლუტურად სამარცხვინო საქციელი კომისიის ყველა იმ წევრის, ვინც ჩემ მეორე ეტაპზე არგადაყვანას მოაწერა ხელი. ეს ასევე არის ზნეობრივი გამარჯვება, რომელსაც მე ნაწილობრივ მივაღწიე იმიტომ, რომ საკმაოდ ინტენსიურად ვილაპარაკე მედიის საშუალებით და ბრძოლა კიდევ დარჩენილია, რადგან ადამიანები, რომლებიც თანხმდებიან ბოლშევიზმს, რომლებიც ხელს აწერენ ბოლშევიკურ გადაწყვეტილებებს, მათ არ უნდა ჰქონდეთ საშუალება ახალგაზრდებთან ურთიერთობის და ასეთი ადამიანებისგან უნდა გათავისუფლდეს უნივერსიტეტი და ის უნდა გადაიქცეს არა პარტიულ სამჭედლოდ, არამედ ისეთ განათლების კერად, როგორიც უნდა იყოს უნივერსიტეტი. ეს ბრძოლა მოსაგებია და მე ამ ბრძოლის ავანგარდში ვიდექი და ვიდგები მანამდე, სანამ უნივერსიტეტი არ გადაიქცევა საგანმანათლებლო დაწესებულებად”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ლელა გაფრინდაშვილმა.

 

ლელა გაფრინდაშვილი 2000 წლიდან მუშაობდა უნივერსიტეტში, ბოლო წლებში კი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი