15 მაისს ცირკის შენობაში შეკრებილ მსმენელს Tete Noise-მა წლების განმავლობაში შეგროვებული ხმაურის მოსმენის საშულება მისცა. ექსპერიმენტული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ერთობლივი პროექტით SOU ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა. ფესტივალი 5 ივლისამდე გაგრძელდება.
მუსიკოსი და პროდიუსერი სანდრო ჩინჩალაძე (Tete Noise) ექსპერიმენტებს ატარებს ამბიენთისა და დრონის ჟანრში. ამჯერად სიმებიან კვარტეტთან The Stringers-სთან ერთად წარდგა. ის წლების განმავლობაში ქმნიდა სხვადასხვა ჟანრის მუსიკას. მათ შორის გამორჩეულია ჯგუფი Me & My Monkey, რომელიც გაჩა ბაქრაძესთან და ვაჟა მართან ერთად ჩამოაყალიბა. როგორც ამბობს, მისი ნამუშევრები საველე ჩანაწერების დამუშავების შედეგად იქმნება ნოიზის, ალეატორიკისა და სხვა ექსპეტიმენტული მუსიკის მიმდინარეობებში. 2017 წელს გამოვიდა მისი ბოლო ემბიენთ ალბომი – Artificial Frequencies For Daydreamers”.
უკანასკნელ პერიოდში მისი გატაცება არის ანალოგიური ინსტრუმენტებისა და ბუნების ხმების შეხამება. იმედი აქვს, რომ ქართველი მსმენელი მის წამოწყებას ინტერესით შეხვდება. ამბობს, რომ მისი მუსიკა შეგრძნებებსა და სიზმრებზეა აგებული.
“ერთ მშვენიერ დღეს ვთქვით, რომ კარგი იქნებოდა დაწვე ქარის ხმაში და გაიგო კვარტეტის ხმა. დღეს შევეცადეთ ეს გაგვეკეთებინა. გემოვნების მხრივ, რა თქმა უნდა, ზოგს მოეწონება, ზოგს არა.” – ამბობს ტეტე.
სიმებიანი კვარტეტი The Stringers 2012 წელს შეიქმნა. კვარტეტის რეპერტუარი ძირითადად თანამედროვე ნაწარმოებებისგან შედგება.
15 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით თბილისში თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი SOU იმართება. ფესტივალის წლევანდელი თემა “სხვა ზღვაა”. “სხვა ზღვა” არც ერთი კონკრეტული ზღვა არ არის – არც აღმოსავლეთით, არც დასავლეთით. არც შავი, არც სხვა.
“სხვა ზღვა” წარმოსახვითი ზღვაა, რომელიც ტერიტორიის გარშემო უკვე არსებულ ნაკადებს ანაცვლებს და სრულიად ახალ სააზროვნო სივრცეს ხსნის,” – ამბობენ ფესტივალის ორგანიზატორები.
ფესტივალის პროგრამის მიზანი საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში ახალი და დაგვიანებული დინებების შემოტანაა.