ახალი ამბები

თბილისში ბოკვერს თვალის ოპერაცია ჩაუტარდა

13 თებერვალი, 2013 •
თბილისში ბოკვერს თვალის ოპერაცია ჩაუტარდა

ბოკვერს, სახელად – კატოს თანდაყოლილი კატარაქტა აღმოაჩნდა ორივე თვალზე, რაც მხედველობის სერიუზულ პრობლემას უქმნიდა.

 

ოპერაცია 11 თებერვალს კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალის“ ქირურგმა მიხეილ ომიაძემ ჩაატარა. 

“ყველანი შევუდექით ოპერაციისთვის მზადებას. ზოოპარკში მომზადდა საოპერაციო ოთახი, აუცილებელი ტექნიკა “ნიუ ჰოსპიტალმა” გვათხოვა, შეიკრიბა სამედიცინო პერსონალი, კატოს გაუკეთდა ნარკოზი, მომზადდა საოპერაციოდ და ოპერაციაც დაიწყო…

ყველანი ვღელავდით, შენობასთან შეკრებილები მოუთმენლად ველოდებოდით ოპერაციის დასრულებას და ქირურგის შეფასებას. 2 საათიანი მოლოდინის შემდეგ პასუხიც მივიღეთ – „ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა !“ რასაც დიდი სიხარული და თანამშრომლების ოვაციები მოჰყვა. რა თქმა უნდა ბედნიერები იყვნენ ექიმებიც, ლომისთვის ასეთი ოპერაციის ჩატარება ხუმრობა საქმე ხომ არაა”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თბილისის ზოოპარკი ავრცელებს.

კატოს ორივე თვალზე გაუკეთდა კატარაქტის უნაკერო ოპერაცია. ის ზოოპარკის ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშაა.

ასევე, შეგახსენებთ, რომ სიმბას და ნალას 4 დღის წინ, ანუ 9 თებერვალს კიდევ სამი ბოკვერი შეეძინათ და მათგან ერთი დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი