აღნინულის შესახებ მინისტრმა დღეს, 13 თებერვალს, “ჰოლიდეი ინნ–ში” გამართულ განვლილი 100 დღის შემაჯამებელ პრეკონფერენციაზე განაცხადა “ნეტგაზეთის” კითხვის პასუხად.
“ჩვენ დავიწყეთ ტარიფების ანალიზი იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს რამდენიმე ათეული დოკუმენტი, რომელსაც გავცემთ და ტარიფები სხვადასხვაა. ID ბარათის შემთხვევაში უკვე იკვეთება, რომ ფასი შემცირებული ვერ იქნება, რადგან, ეს 30 ლარი არის ID ბარათის თვითღირებულება. აქედან გამომდინარე, მოქალაქე იხდის ამ შემთხვევაში ზუსტად იმდენ თანხას, რაც მისი დამზადება უჯდება სახელმწიფოს. თუმცა, ის შეღავათები, რითაც სარგებლობენ მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფები, დარჩება ძალაში”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე განცხადებით, ბიომეტრიულ პასპორტის ტარიფის ანალიზით დადგინდა, რომ მისი ღირებულების შემცირება შეიძლება, თუმცა, მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენი ლარით დაიკლებს პასპორტის რირებულება. ამჟამად დოკუმენტის მიღება 100 ლარი ღირს და ის 10 დღის ვადაში გაიცემა, თუმცა, დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში პროცესის დაჩქარება შეიძლება.
“არის კიდევ არაერთი პრობლემური საკითხი. მაგალითად, როცა ქორწინებას ეხება საქმე და იმის მიხედვით, თუ სად მოაწერ ხელს, ტარიფი შეიძლება იყოს ნორმალური და აბსოლუტურად არანორმალური. პატირმებთან დაკავშირებით დაისვა ეს საკითხი მწვავედ, თუმცა, განვლილი 100 დღის განმავლობაში ამ მიმართულებით კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდა, რადგან ტარიფების ნუსხაც კი არ არსებობდა. ჩვენ შევქმენით ეს ნუსხა და შემდეგ ჩატარდა ფასების ანალიზი”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა. მისვე განცხადებით, უახლეს პერიოდში ტაროფების ანალიზის სრულად დასრულების შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, სად შეიძლება შემცირება და სად – არა.