ახალი ამბები

ბაქრაძე: ჩვენი ლიდერების წინააღმდეგ დევნის კამპანიის მასშტაბები ფართოვდება

12 თებერვალი, 2013 •
ბაქრაძე: ჩვენი ლიდერების წინააღმდეგ დევნის კამპანიის მასშტაბები ფართოვდება

მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების წინააღმდეგ დევნის კამპანიის მასშტაბები ფართოვდება და ახლა უკვე ეს როგორც ლიდერების, ისე რიგითი წევრების დონეზე ხორციელდება.

 

„მინდა, საზოგადოებას მივაწოდო კიდევ ერთი ახალი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე დევნის კამპანიას, კერძოდ, ხვალ კიდევ ერთხელ დაკითხვაზე არის დაბარებული ყოფილი პრემიერ–მინისტრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, ბატონი ვანო მერაბიშვილი. მასთან ერთად დაბარებულია ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, ბატონი ზურაბ ჭიაბერაშვილი. დაბარების მოტივი ძალიან საინტერესოა და ის უკავშირდება დასაქმების პროგრამას, რომელსაც წინა ხელისფლება ახორციელებდა.პარალელურად, შეგახსენებთ, რომ ხვალვე დაკითხვაზეა დაბარებული გიგი უგულავა და რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც მუშაობს მერიის სხვადასხვა სამსახურში–რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროში სოციალურ აგენტად, ანუ ყოველივე ეს მიუთითებს, რომ დევნის ფართომასშტაბიანი კამპანია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი წევრებისა და მათი ლიდერების წინააღმდეგ გრძელდება“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

ასევევ მან ყურადღება გაამახვილა 8 თებერვლის მოვლენებზე და აღნიშნა, რომ სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა პერსპექტივა მოლაპარაკებისა და შეთანხმების მიღწევისა.  

 

„8 თებერვლის ამაზრზენი დარბევის შემდეგ გაჩნდა პერსპექტივა, რომ რაღაცაზე მოვილაპარაკოთ, მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც კარგი იქნება ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. მიუხედავად ამ ფონისა, მიუხედავად ზეწოლისა, ჩვენ მზად ვართ ქვეყნის ინტერესებიდან და ჩვენი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, გავაგრძელოთ  ეს პროცესი და ყველა იმ საკითხზე, რომელიც მიგვაჩნია ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად მივაღწიოთ შეთანხმებას“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი