ლელა დუმბაძე
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ორშაბათის ბრიფინგზე რამდენიმე წუთით დაგვიანებულ ჟურნალისტებს კარები ჩაკეტილი დახვდათ. ჟურნალისტები აცხადებენ, რომ კარების გაღებას შეეცადნენ, რამაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის გაღიზიანება გამოიწვია. ჟურნალისტი ნინო ხოზრევანიძე ავთანდილ ბერიძის მხრიდან ზეწოლაზეც საუბრობს.
დაგვიანებულ ჟურნალისტთა შორის იყო „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტი რეგიონში ნინო ხოზრევანიძე. მისი განცხადებით, ავთანდილ ბერიძის საქციელი არაკორექტული იყო: „ეს იყო ძალიან ცუდი მომენტი. რამდენჯერმე დავაკაკუნეთ კარზე, შემდეგ ძვლივს გახსნეს და როცა შევედით დარბაზში, ავთანდილ ბერიძემ პრესკონფერენცია შეწყვიტა და გვითხრა, რომ დატოვებდა დარბაზს. ეს არ არის კარგი მომენტი, რადგან ჩვენ რეგიონებში თითო-ოროლა ჟურნალისტები ვართ წარმოდგენილი და რამდენიმე ამბავზე გვიწევს გასვლა, ამიტომ შესაძლებელია, რამდენიმე წუთით სადმე დაგვიანებით მისვლა მოგვიხდეს. ჩემი აზრით, ეს ჟესტი ნიშნავს, რომ მედიისთვის უმაღლესი საბჭოს კარები დახურულია“.
ნინო ხოზრევანიძე ავთანდილ ბერიძის მხრიდან სხვა ტიპის ზეწოლაზეც საუბრობს: „მან ჩემს მიერ მომზადებული მასალის გამო, მატყუარა მიწოდა და ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში დამადანაშაულა. როცა ვკითხე რაში მდგომარეობდა ტყუილი, ის ამბობდა ჯერ მისთვის უნდა მეჩვენებინა და შემდეგ გამევრცელებინა საჯაროდ. ჩემი აზრით ეს არის პირდაპირი ზეწოლა მედიაზე“.
„ბრიფინგი ორი წუთის დაწყებული იყო, როცა „25 არხი“, „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტი და კიდევ რამდენიმე მედია საშუალება მოვიდა, რამაც ავთო ბერიძის გაღიზიანება გამოიწვია. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში რომ დათო შანთაძე მუშაობს, კარები მან ჩაკეტა, მაგრამ როგორც ჩანს, ამაზე წინასწარ იყვნენ შეთანხმებული“-ამბობს „გურიანიუსის“ ჟურნალისტი ტატო ცეცხლაძე.
ტელეკომპანია მე-9 არხის ჟურნალისტის, ნათია როყვას თქმით, ბრიფინგის დროს კარების გადაკეტვა, არასწორია.
„მე ზუსტად 11 საათზე ვიყავი. ავთო ბერიძემ განაცხადა, კარები გაეკეტათ, რადგან ბრიფინგის დაწყების დრო იყო. `„25 არხი“ დაგვიანებით როცა შემოვიდა, ავთო ბერიძემ განაცხადა, არ მაწყობს, ჟურნალისტები დაგვიანებით რომ მოდიხართო. ვუთხარი, რომ ამის გამო არ ღირდა კონფლიქტში შესვლა. ვუთხარი ისიც, რომ ბრიფინგის დროს კარების გადაკეტვა არასწორი იყო, რადგან ჟურნალისტები სხვადასხვა გადაღებებიდან მოვდივართ და შეიძლება ასეთ დროს დაგვაგვიანდეს მეთქი“.