მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, გელა მამალაძემ, რომელმაც 8 თებერვალს, ბიბლიოთეკის შენობასთან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ზემოთაღნიშნულ პირებს, გირაო 20 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. ის წინასწარი პატიმრობიდან გირაოს გადახდისთანავე გათავისფლდება.
გელა მამალაძისთვის პროკურატურა 2000–ლარიანი, დაცვის მხარე კი 1000–ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ხოლო დაცვის მხარის არგუმენტები არ გაითვალისწინა.
როგორც პროკურორმა აღწერა, გელა მამალაძემ 8 თებერვალს, ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე სახეში ხელი დაარტყა ჩიორა თაქთაქიშვილსა და გიგა ნასარიძეს, ხოლო სერგო რატიანს, რაც დაკვალიფიცირდა ხულიგნობად სისხლის სამართლის კდოექსის 239–ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
პროკურორ გოჩა ხორავას განცხადებით, მას აქვს შესაბამისი ინფორმაცია მამალაძის ოჯახის ფინანსური მდგოამრეობის შესახებ და ის შეძლებს 2 ათასი ლარის გადახდა, რასაც არ დაეთანხმა გელა მამალაძის ადვოკატი ვახტანგ თანიაშვილი. მისი განცხადებით, მამალაძე არის სამი შვილის მამა, არ გააჩნია საცხოვრებელი და ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქირით, გარდა ამისა, ჰყავს ავადმყოფი, მწოლიარე მამა, რომელსაც სჭირდება მუდმივი სამედიცინო დახმარება. ადვოკატის თქმით, გელა მამალაძე არის დროებით უმუშევარი თუმცა, ის ოჯახში ერთადერთი შემომტანია, რადგან ტაქსისტობით არჩენს ოჯახს.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო მოსმენა 21 მარტს გაიმართება. როგორც დაკავებულის ადვოკატი ამბობს, ჯერჯერობით არ იცის, როდის მოახერხებს გელა მამალაძის ოჯახი გირაოს თანხის გადახდას.