ახალი ამბები

არასამთავრობოები თორდიაზე თავდასხმის გამოსაძიებლად პარლამენტში კომისიის შექმნას ითხოვენ

14 მაისი, 2017 • 1844
არასამთავრობოები თორდიაზე თავდასხმის გამოსაძიებლად პარლამენტში კომისიის შექმნას ითხოვენ

ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტს მოუწოდებს, რომ გენერალურ აუდიტორზე, ლაშა თორდიაზე განხორციელებული თავდასხმის გამოსაძიებლად დროებითი საგამოძებო კომისია შექმნას.

გარდა ამისა, მათთვის მიუღებელია ის კვალიფიკაცია (ძალადობის მუხლი), რომელიც შსს-მ ამ ამ საქმეს მიანიჭა.

ლაშა თორდიას განცხადებით, მას თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და დაცვის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა. მისივე თქმით, თავდასხმა აუდიტის სამსახურის საქმიანობას ეხებოდა, კერძოდ, საქმე 2016 წელს მიწების გადაცემის საკითხს ეხება და მასში ოთარ ფარცხალაძის გვარი ფიგურირებს.

“როგორც ცნობილი გახდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელის მიმართ, სავარაუდოდ, ამ ორგანოს საქმიანობასთან კავშირში ჩადენილი ძალადობრივი აქტი არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს როგორც რიგითი ცემის ან ძალადობის შემთხვევა. მნიშვნელოვანია, დანაშაულის კვალიფიკაცია მოიცავდეს ისეთ ნიშნებს, რაც დამახასიათებელია მმართველობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის, კერძოდ, ძალადობას ხელისუფლების წარმომადგენელზე, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან კავშირში.

იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელზე თავდასხმას და მასში სავარაუდოდ ფიგურირებს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფიცხალაძე, რომლის არაფორმალურ გავლენებზეც სამართალდამცავ უწყებებში საზოგადოებაში არსებობს კითხვები, მნიშვნელოვანია, საქმის შესწავლა განახორციელოს საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ. სხვა შემთხვევაში მიმდინარე გამოძიებას არ ექნება სანდოობა საზოგადოების თვალში,”- აცხადებენ არასამთავრობოები.

ისინი მოუწოდებენ:

[checklist]

  • საგამოძიებო ორგანოებს, დროულად გაასაჯაროონ ინფორმაცია ამ დრომდე განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ;
  • საქართველოს პარლამენტს, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია საქმის დროული და მიუკერძოებელი გამოძიების მიზნით;

  • საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, დროულად გადაიდგას ნაბიჯები დაუსჯელობის პრობლემასთან საბრძოლველად და შეიქმნას ეფექტური დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი.

[/checklist]

განცხადებას ხელს აწერენ:

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

ადამიანის უფლებების სწავლებისა და  მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

კონსტიტუციის 42- მუხლი

სიდა

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

მასალების გადაბეჭდვის წესი