ახალი ამბები

“პერსპექტიული” მოლაპარაკებები ჯერჯერობით კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა

11 თებერვალი, 2013 •
“პერსპექტიული” მოლაპარაკებები ჯერჯერობით კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა

შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებისთვის განცხადება გააკეთეს და რამდენიმე შეკითხვასაც უპასუხეს. 

 

მიხეილ სააკაშვილმა უკმაყოფილება გამოხატა, რომ მოლაპარაკებებში ამ ეტაპზე ჩართული არ არის პრემიერ–მინისტრი, რაზეც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის მოლაპარაკებებში სხვადასხვა ეტაპზე საჭიროებისამებრ ჩაერთვებიან სხვადასხვა პირები.

 

“დღეს ჩვენ გვქონდა საქმიანი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, უმცირესობის ლიდერთან. თქვენ იცით, რომ ამ დღეებში ყველანი შეშფოთებული ვართ ძალიან, მე პირადად უკიდურესად შეშფოთებული ვარ იმით, რაც მოხდა და ალბათ, საზოგადოებაც. პრეზიდენტის დაუგეგმავი, დაგეგმილი მიმართვის წინ ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე, როცა მოხდა მასობრივი ეგზეკუცია ციხიდან ახლადგამოსულ  კრიმინალთა ბანდის მიერ ციხიდან ქართული ოპოზიციის წინააღმდეგ, მაგრამ მე ვფიქრობ, ჩვენ ყველანი დაინტერესებული ვართ, რომ ეს აღარ განმეორდეს. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ამ ყველაფერმა, დისკუსიამ გადაინაცვლოს პარლამენტის კედლებში და არა – ქუჩებში. ქუჩებში ჩხუბი და მითუმეტეს პოლიტიკურ თემაზე ჩხუბი ბევრად უფრო კატასტროფულ მოვლენებამდე მიგვიყვანს და აღარასდროს ჩვენ არ უნდა მივიდეთ ზღვარზე, იქ სადაც საქართველო იყო 90–იან წლებში – ეს იყო ჩვენი პრინციპული მოსაზრება. მე ვფიქრობ, ბატონი დავითი იზიარებს ამ ჩვენს შეშფოთებას, სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ გვქონდა ვრცელი საუბარი. მე ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერზე ჩამოვყალიბდით და შევთანხმდით, მათ აქვთ თავიანთი პოზიციები, ჩვენ – ჩვენი, გაგრძელდება დისკუსია. მთავარია შევთანხმდით, რომ  გასაკეთებელი უნდა გაგრძელდეს დიალოგის გზით და არა იმ გზებით, როგორც აქამდე მიმდინარეობდა. მე იმედი მაქვს, რომ სწორედ ეს იქნება განვითარება მოვლენების. ჩვენ, რა თქმა უნდა, მოლაპარაკება გვექნება საპარლამენტო უმცირესობის შიგნით , მათ ექნებათ განხილვა უმრავლესობის შიგნით და პრემიერ–მინისტრთან და შემდგომი საუბარი ალბათ, უახლოეს დღეებში გაგრძელდება”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 


რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, მისი თქმით, ის მოლაპარაკებებს პრეზიდენტთან პერეპექტივით უყურებს და მოლაპარაკების რესურსს ხედავს.

 

“დღევანდელი შეხვედრა იყო საქმიანი. ჩვენ, ცხადია, არ ვისაუბრია იმაზე, რაზეც ბატონმა პრეზიდენტმა დასაწყისში ისაუბრა. ცხადია, ამ თემაზე ჩვენ არ ვთანხმდებით და ვერც შევთანხმდებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ აქტით, რომელსაც მე ხელი მოვაწერე, თავისუფლება მიიღეს სწორედ პოლიტიკურად დევნილებმა. საჯარო ბიბლიოთეკასთან მე კრიმინალთა ბრბო არ დამინახავს. იქ იყო შეკრებილი ხალხი, რომელიც პროტესტს გამოხატავდა. ამასობაში, მათ პროტესტის გამოხატვისას დაუშვეს კანონის დარღვევა  და ამაზე ჩვენ განვაცხადეთ თავის დროზე, რომ ყველა კანონდამრღვევი უნდა დაისაჯოს. რაზეც ვთანხმდებით არის ის, რომ მსგავსი მოვლენები არავითარ შემთხვევაში არ წაადგება ქვეყანას, ვისი მიზეზითაც არ უნდა იყოს იგი დაგეგმილი, პროვოცირებული თუ ბოლომდე ყურადღება ვერმიქცეული. ამიტომ სწორია პოლიტიკური პროიცესის პარლამენტში გადატანა, მათ შორის ამ საკითხებზე დისკუსიების თაობაზეც. რაც შეეხება განსახილველ თემებს, ჩვენ გავიარეთ ყველა საკითხი. როგორც უკვე ითქვა, შეთანხმებამდე ჯერ არ ვართ მისული, თუმცა, მე პირადად მრჩება შთაბეჭდილება, რომ უპერსპექტივო არ არის ეს დიალოგი და ეს არ არის მხოლოდ გარკვეული პიარ აქციები არც ჩვენი მხრიდან და არც პრეზიდენტის მხრიდან. სურვილი იმისა, რომ დარეგულირდეს ვითარება და მოვძებნოთ კონსტიტუციური გამოსავალი მთელ რიგი მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე. ეს არის ორივე მხრიდან გააზრებული და გაცნობიერებული. ამასობაში, ჩვენ, კოალიცია “ქართული ოცნება”, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ და ეს მოვახსენეთ ბატონ პრეზიდენტსაც, რომ კონკრეტულ საკითხზე შეთანხმება, პრეზიდენტის უფლებამოსილება მთავრობის ფორმირების ნაწილში, ეს არის გასაღები ყველა სხვა საკითხზე, ყველა სხვა შეთანხმებაზე გადაწყვეტილების მიღებისას. თუმცა, მე დეტალებზე არ და ვერ ვისაუბრებ. ჩვენი საუბრის პროცესშ გამოიკვეთა ახალი შესაძლო სქემები, ვარიანტები, ამიტომ ამ თემაზე საჭიროა დაფიქრება. პრეზიდენტსა და მის გუნდთან ამ თემაზე ჩვენ კვლავ გვექნება შეხვედრა. შეთანხმება არ არის მიღწეული, მაგრამ პროცესს უპერსპექტივოს ვერ დავარქმევ”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისვე თქმით, პარლამენტს უარი არ უთქვამს პრეზიდენტის მოსმენაზე, უბრალოდ, გარკვეული დროით გადადო მისი მოსმენა.

 

თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის მზადაა, პარლამენტის წინაშე კიდევ ერთხელ წარდგეს. მან ყურადღება გაამახვილა იმ საკითხებზეც, რომელიც, მისი გუნდისთვის მნიშვნელოვანია.

 

პრეზიდენტს  მიაჩნია, რომ საპარლამენტო ქალაქი უნდა იყოს ქუთაისში და ის არ უნდა გადაიტანონ თბილისში, გარდა ამისა, ქვეყნის საგარეო კურსი უნდა იყოს გამყარებული კონსტიტუციით და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი უნდა შენარჩუნდეს. 

 

მიხეილ სააკაშვილმა საუბარი ასევე დაიწყო მთავრობის მხრიდან ოპოზიციონერ დეპუტატებზე ზეწოლაზე, რაც მას პარლამენტის თავმჯდომარემ შეაწყვეტინა: “მე გეტყვით ბატონო მიხეილ რომელ ქვეყანაში ხდება მსგავსი რამ, მაგრამ ეს არ არის ჩვენი საუბრის თემა და ვისაუბროთ იმაზე, რასაც კითხვა შეეხებოდა.  ბატონ მიხეილს ახლა, როცა ოპოზიციის ლიდერია, მეტი უფლება აქვს დაუსაბუთებელი საუბრის ისევე, როგორც მე ქმონდა ერთი წლის წინ, როცა მე ოპოზიციაში ვიყავი”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 


მოლაპარაკება საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის გუნდსა და ხელისუფლებას შორის უახლოეს დღეებში განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი