“მინდა გულისტკივილი გამოვთქვა ამ ფაქტის გამო, არ გვინდოდა გართულება და, მით უმეტეს, შეტაკება,” – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, მას, როგორც პარლამენტის უმრავლესობის და უმცირესობის წევრს, არაერთხელ მოუსმენია მისი წინამორბედი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის გამოსვლისთვის. სააკაშვილის განცხადებით, დღევანდელ საპარლამენტო უმრავლესობას ჰქონდა შანსი, დაესვათ მისთვის მწვავე კითხვები პარლამენტში, გაეკრიტიკებინათ, თუმცა მაშინ, როცა შეთანხმებული იყო მისი პარლამენტში გამოსვლა 8 თებერვალს, 14:00 საათისთვის, 6 გამართული დებატების გამო ეს ღონისძიება გადაიდო:
“პრეზიდენტის გამოსვლა იყო გადადებული ულტიმატური ფორმით, რომ პრეზიდენტი ვერ გამოვიდოდა პარლამენტში მანამ, სანამ უმცირესობა არ დათანხმდებოდა იმ საკონტიტუციო ცვლილებებს, რომელიც ეხება პრეზიდენტს – ექნება თუ არა მას მთავრობის დათხოვნის უფლება. ეს უფლება ძალიან ეფემერულია და მე ძალიან კარგად მესმის, რომ დათხოვნა მთავრობის 3-4-5-6 თვეში არის დამანგრეველი, პირველ რიგში, იმისთვის, ვინც ამას გააკეთებს”, – განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, დღევანდელი მთავრობა სწორედ ამ კონსტიტუციით მოვიდა ხელისუფლებაში:
“ეს იყო თამაშის წესები დადგენილი და როცა თამაშის წესებს გზაში ცვლი, ეს არის დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი”, – განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, უმრავლესობას სურს მისი “ეფემერული უფლებამოსილების შეზღუდვა”. მისი განცხადებით, ეს არ არის პრინციპული საკითხი, რომლის გამოც ის და მისი მომხრე უმცირესობა არ უჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს.
სააკაშვილის თქმით, პირველი და პრინციპული საკითხი, რის გამოც მხარს არ უჭერს საკონტიტუციო ცვლილებებს, ეხება პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნებას:
“საქართველოს პარლამენტის გადატანას თბილისში არ ვეთანხმები კატეგორიულად, ეს არის ჩვენი პირველი და მთავარი განსხვავება.”
მისი თქმით, მთავრობას პარლამენტზე კონტროლის დამყარების მიზნით სურს პარლამენტის თბილისში გადატანა:.
“მთავრობა უნდა იყოს ცალკე, პარლამენტი უნდა იყოს ძლიერი და არ უნდა იყოს მთავრობის წნეხის ქვეშ. პარლამენტი უნდა იყოს საქართველოს გეოგრაფიულ ცენტრში. ვეთანხმებით პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირებას, არ ვეთანხმებით ქუთაისიდან პარლამენის გადმოტანას”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მეორე საკითხი, რასაც პრეზიდენტი არ ეთანხმება, ეხება პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევითობის გაუქმების საკითხს:
“არ ვეთანხმები, რომ პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში გაუქმდეს, ამისთვის მიდის დღეს ბრძოლა, რომ შემდეგი არჩევნები საქართველოში აღარ გაიმართოს. ეს არის შემდეგი მცდელობა, რომლისკენაც მიდის”, – განაცხადა სააკაშვილმა.
“სასამართლო ხელისუფლებაზე სრული კონტროლის დამყარების მცდელობა, ახლა გაჩნდა შანსი, რომ დამოუკიდებლობა მიიღოს. დღეს მიდის ბევრად უფრო სერიოზული კამათი კონსტიტუციის გარშემო, რაც წარმოედგინათ.”
სააკაშვილის თქმით, ამ ინიციატივით ქართველ ხალხს ართმევენ პრეზიდენტის არჩევის უფლებას.






