ახალი ამბები

ბიბლიოთეკასთან სააკაშვილის მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს [განახლებადი]

8 თებერვალი, 2013 • 1468
ბიბლიოთეკასთან სააკაშვილის მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს [განახლებადი]

19:00 – აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ – მელორ ვაჩნაძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა დაშლისკენ.

19.00 უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ კომენტარი გააკეთა დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით. მან ბიბლიოთეკასთან მომხდარს ამაზრზენი უწოდა და პასუხისმგებლობა მთავრობას, კონკრეტულად კი შინაგან საქმეთა სამინისტროს დააკისრა. 

18:52 – ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ისევ რჩებიან აქციის მონაწილეები, ადგილზე ასევე მობილიზებულნი არიან პოლიციელები.

18:44 – შს მინისტრმა აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ დატოვონ ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად.

18:37 – “ნაცემის ჩიორა თაქთაქიშვილი, გოკა გაბაშვილი. ფაქტიურად ისე მოხდა, რომ მხოლოდ მე შემოვაღწიე იმიტომ, რომ მე მემსახურება დაცვის სამსახური,” – აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ბარამიძე.

18:25 – შემთხვევის ადგილზე მივიდა შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. შს მინისტრი აქციის მონაწილეებს მოუწოდებს სიმშვიდისკენ და აფრთხილებს, რომ სასწრაფოდ დატოვონ ტერიტორია.

“წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვიყენებთ კანონით მონიჭებულ უფლებას,” – აცხადებს ღარიბაშვილი. მისივე თქმით, დაისჯება ყველა, ვინც დაარღვია კანონი.

“არც ერთი არ დასჯება დაუსჯელი,” – ასე უპასუხა ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას იმის პასუხად, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ კონკრეტულად ადამიანებს აქციის მონაწილეები.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა შს მინისტრს მოსთხოვა ტერიტორიის დაცვა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, სადაც უნდა შედგეს პრეზიდენტის მიმართვა, რაზეც ღარიბაშვილისგან თანხმობა მიიღო.

18:00 – ეროვნულ ბიბლიოთეკაში შესვლის საშუალება არ მისცეს აქციის მონაწილეებმა თბილისის მერს გიგი უგულავას. უგულავას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც მან ქაშუეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლა, სადაც სააკაშვილის მომხრეები არიან შეკრებილი.

17:00 – ეროვნული ბიბლიოთეკის შენობის წინ, სადაც ერთ საათში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა მივიდეს და მოხსენებით უნდა წარსდგეს, ყოფილი პოლიტპატიმრები არიან შეკრებილი, რომლებსაც თან აქვთ 26 მაისის მიტინგის დარბევის ამსახველი ფოტოები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ბიბლიოთეკის კარზე აქციის მონაწილეებმა მიამაგრეს ორი ცოცხი. აქციის ერთ-ერთი მონაწილის ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ისინი ამით შეახსენებენ პრეზიდენტს “მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს”, თუმცა ხელს არ შეუშლიან დაგეგმილი ღონისძიების ჩატარებას.

აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს შენობაში მათი წარმომადგენლების შეშვება, რასაც პრეზიდენტის პრესსპიკერი გამოეხმაურა და ცხრაკაციანი სია შეადგინა, რომლებიც დაესწრებიან პრეზიდენტის გამოსვლას, თუმცა ამ დროისთვის ისინი შენობაში არ შეუშვიათ.

ქაშუათის ეკლესიასთან მოქალაქეების მეორე ნაწილი იკრიბება, რომლებიც მხარს უჭერენ მიხეილ სააკაშვილს.

ტერიტორიას პოლიციის გაძლიერებული კორდონი იცავს.

პრეზიდენტის გამოსვლა ეროვნულ ბიბლიოთეკაში 18:00 საათზე დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი