ახალი ამბები

მანანა მანჯგალაძე: პრემიერის ორგანიზებით პროვოკაცია იგეგმება

8 თებერვალი, 2013 • 1283
მანანა მანჯგალაძე: პრემიერის ორგანიზებით პროვოკაცია იგეგმება

“ჩვენი ინფორმაციით, იგეგმება პროვოკაცია, რომლის მთავარი მიზანია აღნიშნული შეხვედრის ჩაშლა. მინდა გაცნობოთ, რომ ნებისმიერი ამგვარი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი არ აპირებს ამ ღონისძიების გადადებას და მიუხედავად წინააღმდეგობისა, საქართველოს პრეზიდენტი მაინც აპირებს მისვლას ეროვნულ ბიბლიოთეკაში. მთელი პასუხისმგებლობა ამ პროვოკაციაზე, რომელიც დღეს იგეგმება, დაეკისრება საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ–მინისტრს, რომელიც თავად გახლავთ ამ აქციის ორგანიზატორი”, – განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

 

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, დღევანდელი შეხვედრა აუცილებლად გაიმართება და დამსწრე პირებს შეკითხვების დასმის საშალება მიეცემათ:

 

“საქართველოს პრემიერ–მინისტრის მითითებით, ქვეყნის პარლამენტი გავიდა კონსტიტუციური სივრციდან, მიიღო რა საერთაშორისო მასშტაბით უპრეცედენტო გადაწყვეტილება, არ მიეცა საშუალება ქვეყნის პრეზიდენტისთვის მიემართა პარლამენტისა და ქვეყნისათვის. სადაც პარლამენტის წევრებს, ბუნებრივია, ექნებოდათ შესაძლებლობა გამოეთქვათ თავისი მოსაზრებები და დაესვათ კითხვები. ამ გამოსვლის მთავარი არსი, ბუნებრივია, იყო მიმართვა ხალხისადმი. ვინაიდან ეს ვერ მოხერხდა პარლამენტის შენობაში, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და, როგორც თქვენთვის არის ცნობილი, ეროვნული ბიბლიოთეკიდან გააკეთებს მიმართვას. მინდა აღვნიშნო რომ დარბაზში ყველა პირს ვინც მოწვეული იქნება, ექნება საშუალება ნებისმიერ თემაზე დასვას კითხვა. ამ შეხვედრას დაესწრებიან ასევე საქართველოში აკრედიტირებულ მისიათა და დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელები”, – განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

 

პრეზიდენტის გამოსვლა ეროვნულ ბიბლიოთეკაში 18:00 საათზეა დაგეგმილი, ბიბლიოთეკასთან რამდენიმე საათია შეიკრიბნენ პოლიტპატიმრები. ისინი მიხეილ სააკაშვილისთვის სირცხვილის დერეფნის მოწყობას გეგმავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი