ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ნაურუ, რომელმაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარა, აშშ-ის ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებს

10 მაისი, 2017 •
ნაურუ, რომელმაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარა, აშშ-ის ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებს

ნაურუს რესპუბლიკა, რომელსაც დახმარებას უწევენ აშშ-ის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო ორგანიზაციები, აშშ-ის პრეზიდენტ დოლანდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი აქტის შესაბამისად, ფინანსურ დახმარებას ვეღარ მიიღებს.

როგორც ახალზელანდიური გამოცემა radionz.co.nz წერს, ნაურუს ფინანსურად ეხმარებიან ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი, გაეროს ბავშვთა ფონდი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი. თავის მხრივ, ამ ორგანიზაციის მსხვილი ფინანსური პარტნიორია აშშ.

დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი აქტის შესაბამისად კი, ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მიიღებს აშშ–ისგან ფინანსურ დახმარებას, რომელიც აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და დაამყარებს მათთან დიპლომატიურ ურთიერთობას. ამის გარდა, აშშ წინააღმდეგი იქნება ნებისმიერი სახის დახმარებისა (სესხი, კრედიტი ან გარანტია) ნებისმიერ პროგრამაზე, რომელიც არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ნაურუს [მოსახლეობა დაახლოებით 10 ათასი] გარდა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ და მისი დახმარებითვე, ვენესუელამ და ნიკარაგუამ აღიარეს. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარებული ჰქონდათ ასევე ვანუატუსა და ტუვალუს, რომელთაც მოგვიანებით ამ აღიარებაზე უარი თქვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი