ახალი ამბები

მეორე მსოფლიო ომი 72 წლის შემდეგ – 2 ვეტერანის ისტორია

9 მაისი, 2017 • 5657
მეორე მსოფლიო ომი 72 წლის შემდეგ – 2 ვეტერანის ისტორია

მეორე მსოფლიო ომში (1939-1945), რომელსაც საბჭოთა კავშირში, მათ შორის საბჭოთა საქართველოშიც “დიდი სამამულო ომის” სახელით იცნობდნენ, საქართველოდან დაახლოებით 700 000 ადამიანი მონაწილეობდა, აქედან დაახლოებით 200 000 ფრონტზე დაიღუპა.

ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის მდგომარეობით, საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 922 ვეტერანია, აქედან 300-ზე მეტი თბილისში ცხოვრობს, დანარჩენი – რეგიონებში

ნეტგაზეთი მეორე მსოფლიო ომის 2 ვეტერანს ესაუბრა და მათი ზეპირი ისტორიები მოისმინა.


ელიზბარ გურიელიძე

დავიბადე 1924 წელს. ოთხმოცდამეცხრამეტეში  ვარ ახლა. საშუალო სკოლა დავამთავრე სოფელ საჭამიასერში. მე ნაკადულიდან ვარ, კოხნარის საბჭო, მაგრამ იმჟამად კოხნარში არ იყო საშუალო სკოლა, მეზობელ სოფელში იყო. 18 წლის გავხდი, რომ დავამთავრე. იქ გავიზარდე.

ომში გამიწვიეს 1942 წლის ნოემბერში. გაქანებული ომი იყო გერმანიასთან. სკოლა როგორც დავამთავრე, ნოემბერში გავხდი 18 წლის და იმავე წელს წამიყვანეს ჯარში. იმ მომენტში მოხალისედ არ წავსულვარ, გამიწვიეს და წავედი ჩვეულებრივი გაწვევით. გვინდოდა, რომ გვებრძოლა, ახალგაზრდები ვიყავით, გვინდოდა, ბრძოლაში წავსულიყავით სამშობლოს დასაცავად.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ელიზბარ გურიელიძე. 2017 წლის 8 მაისი

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ელიზბარ გურიელიძე. 2017 წლის 8 მაისი

სანამ ჯარში წამიყვანდნენ, ჩემი ბიძაშვილი გათხოვდა. მაშინ მანქანები ხომ არ იყო, ცხენებით იყვნენ მაყრები მოსული. ბავშვი ვიყავი, 17 წლის, ცხენიდან ჩამოვვარდი და გავსივდი სახეზე. ამიტომ ერთ თვით გადამივადეს გაწვევა. ჩემი ტოლები ქერჩში მოხვდნენ საწყლები და დაიღუპნენ. მე ამ ერთმა თვემ გადამარჩინა და ფრონტზეც კი არ მოვხვედრილვარ. ეს კარგი კი არ იყო, საშინელება იყო. ჩვენი ბიჭები ახალგაზრდები დაიღუპნენ იქ, მაგრამ ასეთი შემთხვევა იყო.

მე ბიძაშვილები მყავდა, დაკარგული არიან ჯარში ჩემი ახლობლები, მეზობლები, ჩემზე ადრე წასულები. ისინი ასაკით ჩემზე უფროსები იყვნენ და ადრე მოუწიათ წასვლა.

მამა დაიღუპა 1945 წელს. ჯარში ვიყავი. დასაფლავებაზეც არ გამომიშვეს, გამოშვება ჭირდა, ომის პერიოდი იყო. მერე კი ჩამოვედი, მაგრამ დაგვიანებით.

კიროვაკანში ჩაგვიყვანეს აქედან. იქ რამდენიმე ხანი გაგვაჩერეს, მერე კიროვაკანიდან ფეხით წაგვიყვანეს ლენინაკანში. გზაში გვხვდებდა ეშელონები, მოდიოდნენ აქეთ, გვეუბნებოდნენ, რომ ეს სომხეთის დივიზიააო, სომხური დივიზია ფრონტზე მიდიოდა და იმათ ადგილზე ჩვენ ჩაგვიყვანეს.

ახლად შექმნილი ნაწილი ვიყავით, იქ გავიარეთ საბრძოლო მზადება. იქ მოდიოდნენ ომის მონაწილეები ფრონტიდან. რამდენიმე ხანს რომ იბრძოდნენ, მერე ასვენებდნენ, გამოჰყავდათ ხოლმე ფრონტის ხაზიდან. ჩვენთან ისეთი მკაცრი პირობები იყო, ისინი მიჩვეული იყვნენ თავისუფალად ყოფნას, ომში ასეთი კანონებია. ჩვენთან დისციპლინა იყო ძალიან მაგარი და ვერ უძლევბდნენ იმას, ისევ ომში გვირჩევნიაო.

ლენინაკანში ვიყავით რამდენიმე თვე. მერე წაგვიყვანეს ახალქალაქში. ჩვენი იყო მოქმედი 45-ე არმია, 349-ე დივიზია – სილაგაძის დივიზია. მე მოვხვდი არტილერიაში, 1200-მილიმეტრიან ბატარეიაში.

თავიდან ვიყავი “ზარეჟაიუში”, “მინამიოტის” ნაღმს რომ აგდებს ლულაში. მერე დაიწევი უკან, მაგრამ ისეთი ხმა აქვს, რომ უნდა მოცილდე, ყური რომ არ გაგიხეთქოს. ეს იყო პირველი დაწინაურება. მერე “ნაოჩიკი” გავხდი. “ნაოჩიკი” რომ ხარ,  უკვე მიზანში რომ იღებ წერტილს და მოცემულობა გაქვს, სად დაეცეს შენი ბომბი, უნდა იცოდე. მერე გავხდი ათეულის მეთაური და დავამთავრე ჩემი სამხედრო წოდება.

დავდიოდით ლაშქრობებზე, მთებში და ვემზადებოდი ბრძოლებისთვის. მაგრამ ისე გაიარა ამ წლებმა, რომ ჩვენ არ მოგვიწია ფრონტზე წასვლა. ახალქალაქიდან ისევ ლენინაკანში ჩამოგვიყვანეს. კავკასიის დაცვა ვიყავით. ლენინაკანიც სასაზღვრო ქალაქია. 4-წელიწადნახევარი ვიყავი ჯარში. 1947 წლის მარტში დავბრუნდი დემობილიზაციით.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ელიზბარ გურიელიძე მეორე მსოფლიო ომში. ფოტო მისი არქივიდან

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ელიზბარ გურიელიძე მეორე მსოფლიო ომში. ფოტო მისი არქივიდან

რომ დავრუბრუნდი, ჩავაბარე თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. მე სოფელი მქონდა გურიაში, ყველაზე კარგი იქნებოდა, რომ დავბრუნებულიყავი ჩემს სოფელში და მემუშავა. დეიდა მყავდა თბილისში, საწყალი აღარ არის ცოცხალი, იმის ოჯახში ვიყავი და ვსწავლობდი.

ხომ იცი, ქალაქი მაინც რა არის და დავრჩი ქალაქში. სამსახური გამოჩნდა, დაუსწრებლად ვსწავლობდი, თან ჩავდიოდი სოფელში, თან ვმუშაობდი. 60 წელი ვიმუშავე ქალაქის გამწვანებაში.

ჩემი შვილიშვილი არის 28 წლის, ქალიშვილის შვილია. ბიჭი მყავს კიევში, იმას 2 შვილი ჰყავს, ბიჭები, მაგრამ ქართული არ იციან. ხანდისხან ჩამოდიან ხოლმე.

ომის პერიოდში ვინც იყო, საწყლები, ბევრი აღარ დარჩა ცოცხალი. აქაც შემხვდნენ შემთხვევით, შეხვედრა გვქონდა რესტორანში ომის მონაწილეების და ჩემს სუფრაზე მოხვდა ერთი. გამოველაპარაკეთ. ვერ ვიცანი, ბავშვობის დროინდელი, რას ვიცნობდი. რომ ვუთხარი, ლენინაკანში ვიყავით-მეთქი… მერე ერთმანეთს ვხვდებოდით, სანამ ცოცხალი იყო. ბევრი აღარ არის, ჩემი ხალხი, ჩემი თანატოლები. სადაა ახლა, აღარ არიან.

დაგვაჯილდოვეს გერმანიაზე გამარჯვების მედლით, “ზა პაბედუ გერმანიი” ასეთი მედალი არსებობდა. ჩვენ, როგორც მოქმედი არმიის შემადგენლობაში მყოფებს, მთავრობის დადგენილებით, როგორც სამამულო ომში მონაწილეების სტატუსი მოგვენიჭა.

დამაჯილდოვეს დამსახურებული შრომის მედლით, 50 წლის გამარჯვების საიუბილეო მედლით, ომის დამთავრებიდან 70 წლის მედლით. ეს ნიშნავდა იმას, რომ რაღაცას წარმოადგენდი, ამაგი მქონდა ქვეყანაზე გაწეული, სიამაყე იყო, რა თქმა უნდა.


 

ავთანდილ ლომთათიძე

დაბადებული ვარ 1917 წლის 5 მაისს. მაშინ ეკლესიებში ხდებოდა ბავშვების გატარება და მეტრიკაც. მამაჩემმა ერთი წლით გვიან გამატარა, ფაქტიურად, ვარ 101 წლის, საბუთებით ვარ 100 წლის.

მე წამოვედი გურიის ერთ-ერთი ლამაზი სოფლიდან, თბილისში უფროსმა ძმამ წამომიყვანა. აქ დავამთავრე 29-ე სკოლა. მაშინ ვიყავი 7 წლის. ჩემს ძმასთან ვცხოვრობდი.

ომი რომ დაიწყო, მაშინ ვამთავრებდი ინსტიტუტს. კიროვის სახელობის ინდუსტრიული ინსტიტუტი არსებობდა, იქ ვსწავლობდი. დავამთავრე, დიპლომი დავიცავი და გამომიძახეს მეორე დღესვე, არა მარტო მე, სხვა ახალგაზრდებიც.

მოულოდნელი იყო გაწვევა. ის ვიცოდი, ბევრმა ისე დაანება თავი, რომ ჭლექიან ხალხს ეძებდნენ და ფულს აძლევდნენ, რომ არ წაეყვანათ ომში. მინდოდა, ინსტიტუტი დამემთავრებინა და მემუშავა.

გამგზავნეს პირდაპირ მოსკოვში ბაქოს გავლით, მახსოვს, ტიხარეცკში მოიტანეს უხა და არ მქონდა მე ნაჭამი, ცოტა შევჭამე და მივანებე თავი. ტიხარეცკიდან მოსკოვში წაგვიყვანეს. რომ ჩავედით. აბანოში გაგვატარეს. მახსოვს, რომ ბიძაშვლმა. კიროვის სახელობის ჯიბის საათები იყო ახალი გამოსული, ის მაჩუქა. ავიღე და ჩექმებში დავმალე, არ ნახოს ვინმემ-მეთქი, ვიღაცას დაუნახავს და მომპარეს. ეს დამამახსოვრდა.

მაშინ წითელი არმიისთვის ვერ ასწრებდნენ შინელების შეკერვას, მწვანე ადიალები დაგვირიგეს, დავახვიეთ როგორც შინელი, გადავიკიდეთ მხარზე და მოსკოვის ქუჩებში ქართული სიმღერით გავიარეთ.

მოსკოვთან ახლოს არის სოფელი ნახაბინო. იქიდან 20 კილომეტრის მოშორებით იქნება, იყო და არის ალბათ ახლაც, “ვაენნოი ინჟინერნი აკადემია ესესერ”. იქ ცხოვრობდნენ მეთაურები, მათი მეუღლეები, და მთელი საინჟინრო ნაგებობები რაც იყო, არტილერიის “აკოფებიდან” დაწყებული, დამთავრებული ხის და ბეტონის გამაგრებით.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ავთანდილ ლომთათიძე. 2017 წლის 8 მაისი

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ავთანდილ ლომთათიძე. 2017 წლის 8 მაისი

მახსოვს, ბიძაშვილი მყავდა რაიკომის მესამე მდივანი დუშეთში, მიქელაძე ოზურგეთიდან. ისიც წამოუყვანიათ, მაგრამ ის ჩემგან მოშორებით იყო ერთ-ერთი ნაწილის კომისრად. რომ გაიგო, იქ ვიყავი წასული, ჩამომაკითხა. ღმერთმა აცხონოს მისი სული. პაპიროსები ჩამომიტანა და გადავკოცნეთ ერთმანეთი. არ ვიცოდი, რომ ჩამოდიოდა. სოფლიდან გაუგია, მაშინ მახარაძეში ჩემი ოჯახი იყო, მამიდა, მამიდაშვილები და იმათგან გაუგია.

დაბომბვა მიდიოდა ყოველდღე, მოსკოვი, ოდესა, დიდი ქალაქები. გვამეცადინებდნენ. სილას ჩაყრიდნენ, 20 კილო იყო, მე მგონი, ნორმა, სირბილით უნდა გვერბინა. იქ არის არყის ტყე, თურმე რომ დაუსვამ დანას, გამოდის წყლის მაგვარი სითხე, სიმაგრე აქვს არყის. რუსები სვამდნენ, მე არ დამილევია არასდროს. ვჭრიდით ამ არყის ხეებს, ერთი შემაღლებული ადგილი იყო და იქ ვაშენებდით ნაგებობებს, არტილერიის დასადგომს, ტყვიამფრქვევის, ლეგონის, საკომანდრო პუნქტს და სხვადასხვას. ახლოს იყო ფრონტი, ვემზადებოდით.

ისიც მახსოვს, რომ რუსი პოლკოვნიკი გაგვეცნო, სვანეთში ვარ ნაბრძოლიო. მოგვესალმა და შეგვაქო ჩვენ, როგორც კარგი ნაცია. გამოცხადდა ღამით “ტრევოგა”, ამ “ტრევოგის” გამოცხადების შემდეგ სირბილით ჩამოვედით ისევ ნახაბინოში. ნახაბინოდან- მოსკოვში და მოსკოვიდან გაგვანაწილეს ქარხნებში- მოწინავე გერმანელები თუ გაარღვევდნენ ფრონტს, იმ შემთხვევაში ჩვენ დანაღმული უნდა გვქონოდა და მოგვეხდინა მისი აფეთქება და წყობილებიდან გამოყვანა. მერე საჭირო არ გახდა, მოხსნეს ციმბირის ჯარი იაპონიის საზღვრებზე და გადმოისროლეს მოსკოვის ფრონტზე. მოსკოვის ფრონტიდან დაიწყო წითელი არმიის უდიდესი შეტევა ამ ვერაგი მტრის წინააღმდეგ.

მაშინ ხომ აცხადებდა ლევიტანი, თავს დაესხა საბჭოთა კავშირს, გადმოლახეს საზღვარი გერმანელების ურდოებმა, თვითმფრინავებმა დაფარეს მთელი ფრონტის ხაზი, იწვოდა სოფლები, პურის ყანები…

ბრძოლები რომ დაიწყო, მოსკოვში ვიყავი. “მასკვა რეკის” ნაპირზე, ევაკუაცია ხდებოდა მთელი მრეწველობის, ფაბრიკა-ქარხნების. მახსოვს, რომ “მასკვა რეკაზე” იყო ბარჟა დატვირთული დაზგებით და მიდიოდა გორკში. იქ შემხვდა ერთი ქართველი, გამომეცნაურა და არ ვიცი, ახლა ცოცხალია თუ არა, გორკში წავიდა.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ავთანდილ ლომთათიძე

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ავთანდილ ლომთათიძე

შემდეგ აქედან მომხსნეს და ჩამოვედი მოსკოვში იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნა ამიერკავკასიის ფრონტი, რომლის სარდალი იყო ტიულენევი. მე მახსოვს სტალინის გამოსვლა, 24 წლისთავი იყო წითელი არმიის არსებობის და მაშინ ეს ჯარები მიდიოდნენ პირდაპირ ფრონტზე. გაივლიდნენ, 5 წუთი ჩერდებოდნენ და მიდიოდნენ პირდაპირ ფრონტზე. მაშინ პირველად ვნახე სტალინი, არ მახსოვს, ფორმაში იყო თუ არა. ამ დროს დამამახსოვრდა სიტყვა, რომ სტალინმა შეუთვალა ჰიტლერს- “მელოდე ბერლინშიო”. ეს განაცხადა ოფიციალურად.

მატარებლით გამოგვგზავნეს იქიდან გორში, სადაც იდგა 392 დივიზიის 805 პოლკი. მე პირადად ჩამაბარეს მესანგრე ოცეული. არტილერიაში მამეცადინებდნენ. კარგად არ ვიცოდი ქვემეხი. გორში გამოცხადდა ღამის “ტრევოგა”. გათენდა, ჩაგვსხეს ვაგონებში და ბაქოს გავლით ჩამოგვსხეს ბესლანში. ბესლანიდან ფეხით გამოვიარეთ ბევრი სოფელი და ჩამოვედით ჩიკოლაში, ჩრდილო ოსეთში.

ჩიკოლიდან წამოვედით სამხრეთისაკენ, ნალჩიკი, პერვო მაისკი, ბევრი ქალაქია პატარ-პატარა. იქ ნალჩიკის მიმართულებით მიდიოდიდა ბრძოლები. ყაბარდო-ბალყარეთში მოვხვდვით მინდორზე, სადაც კვახები იყო ბევრი, 15-20 კილო გამოვიდოდა. შემოდგომის პირი იყო, ისეთი იყო, კარგი, უტკბესი. ვხარშავდით იმას, ძალიან მომეწონა და ვჭამდით. როგორც კვერცხის გული, ისეთი იყო.

იქ ხარახორას მთები არის, ნემცებს ეკავათ. ნალჩიკის გზა გადაჭრლი ჰქონდათ “ნემცებს”. ჩეგემია მდინარეც და სოფელიც. იქ იყო ჩვენი შტაბი. ატყდა “ტრევოგა”, “ნემცებმა” დაიწყეს შეტევა, ამათ წინ იდგა პირველი და მესამე ბატალიონი. იმათ შეტევა რომ დაიწყეს, აქედან ჩვენც გამოვცვივდით და წავედით მისაშველებლად. მითხრა, საინჟინრო ქონება, რეზინის ნავები, ნიჩბები, არ დაკარგო, წადი ამ გზითო, წამოვედი იმ გზით, ცხენები შებმული მქონდა.

გათენდა და მივედით მასწავლებლების სახლთან. იმ ღამეს იქ გავათიეთ. გათენდა და ვნახეთ, გათეთრებულია ყველაფერი, ყინულოვანი მთები, სამხრეთით ჯერ თოვლია და მერე არის ყინვა. შევუდექით დალაშქვრას სამხრეთის ფერდობის. ეს გზა გადის სვანეთში, რომელიღაც მდინარის სათავე იყო, ამ მდინარის პირზე იყო ცხვარი დაკლული იმდენი, რომ “პერევალზე” ვერ გადავიდოდა.

ჩამოვედით სვანეთში, შემდეგ წამოვედით ფეხით და ჩამოვედით ზუგდიდში, ზუგდიდიდან ორსანტიაში. ბოდიში და წილები გვყავდა. დავანთეთ ცეცხლი, ის მოვიშორეთ და ჩამოვედით ბათუმში, სადაც გამარჯვება ვიზეიმეთ.

თურქეთთან უნდოდა ომი სტალინს. ცინცაძე იყო მაშინ პატრიარქი, დაავალა ცინცაძეს, რომ პრესაში გამოაცხადეო. ის წერდა, რომ ბევრი მიწები აქვთ მიტაცებული თურქეთსო. სტალინმა გაიმეორა, რომ ჯარი მომზადებულია და ერთ კვირაში ავიღებთ თურქეთსო. არ დაანება  მოლოტოვმა და გადარჩა თურქეთი ამ უბედურებას, თორემ ერთ კვირაში აიღებდნენ, ისეთი მომზადებული ჯარი ჰყავდა.

გამარჯვების დღე ვიზეიმეთ ბათუმში, ატყდა სროლა, ერთმანეთის კოცნა, გაუხარდათ წითელარმიელებს. ვის არ გაუხარდებოდა ომის დამთავრება. გამოგვიგზავნეს საბუთები, გავიხადეთ შინელები, სოფელში გამოვიარე და ჩამოვედით თბილისში.

მეორე ფრონტი იქ იყო, ახალციხეში. ვალეა სოფელი და იქ შახტებს აშებენდნენ, უვარგისი ნახშირია, მაგრამ პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა და ტრესტი შეიქმნა იქ, ძალიან ცუდი სამუშაო იყო.

ამის შემდეგ გავიგე, რომ რუსთავში ყალიბდება მეტალურგიული ქარხანა, რომელმაც ფოლადით უნდა მოამარაგოს საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი. წამოვედი თბილისში. იქ ჯერ კიდევ არ იყო აშენებული არაფერი. იქ დავიწყე მუშაობა და ვმუშაობდი კარგა ხანს. შემდეგ დამნიშნეს წარმოების უფროსად.

საერთოდ, ომი არ უნდა იყოს, ყველა სახელმწიფო უნდა დაეტიოს თავის საზღვრებში. არ უნდა იფიქროს იმაზე, რომ დაიპყროს პატარა სახელმწიფოები და პატარა ერები და დაიმონო, ასე არ უნდა იყოს. 40 მილიონი ახალგარზდა შეეწირა “ნემცების” მხრიდან და საბჭოთა კავშირის მხრიდან ომს. ეს არის საშინელება, ეს არის ერის დაღუპვა. ახლაც მესმის, ომის ზღვარზეა საქართველოც და მსოფლიოც. ომი საშინელებაა. ომის სპობს ყველაფერს, ცოცხალი არსებიდან დაწყებული, ადამიანის ჩათვლით. კანონი არ მოქმედებს. როგორც შეგიძლია, ისე იბრძვი, ყელსაც გამოგჭრიან დანითაც, ხანჯლითაც ყველაფერი უბედურება არის. ამისათვის დიდი ომი უნდა გამოუცხადოს საზოგადოებამ ომს, რომ მშვიდობა დამყარდეს დედამიწაზე. რაც იხარჯება ომისათვის, ის რომ ადამიანებისთვის იხარჯებოდეს, მთელი მსოფლიო ასე (ყელამდე) იცხოვრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი