ნეტგაზეთი | შს მინისტრის განცხადებით, სადარბაზოებთან შპრიცებს მიზანმიმართულად ყრიან შს მინისტრის განცხადებით, სადარბაზოებთან შპრიცებს მიზანმიმართულად ყრიან – Netgazeti

შს მინისტრის განცხადებით, სადარბაზოებთან შპრიცებს მიზანმიმართულად ყრიან

შს მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში პანიკის დასათესად გარკვეული პირები სადარბაზოებთან უხმარ შპრიცებს ყრიან. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. 

მინისტრის განმარტებით, შსს-ში არსებობს აღნიშნული ფაქტების ამსახველი ვიდეო-მასალები, რომელსაც სამინისტრო იძიებს.


“ეს ყველაფერი კეთდება იმ ფონის შესაქმნელად, რომელზეც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები საუბრობენ,”- ამბობს ღარიბაშვილი.


მისივე განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დღევანდელი განცხადება ნარკოტიკის გაიაფების შესახებ ქვეყანაში და ნარკოტიკის ფასი იგივე რჩება, რაც წინა ხელისუფლების დროს. 


გარდა ამისა, შს მინისტრი ქვეყანაში კრიმინალის დონეზეც საუბრობს. მისი თქმით, 2012 წლის იანვრისა და 2013 წლის ამავე თვის სტატისტიკის მიხედვით, კრიმინალის ფაქტების რაოდენობა იდენტურია.


“უბრალოდ, პირადად ჩემი დავალების თანახმად, აბსოლუტურად ყველა საქმის გაშუქება ხდება, იქნება ეს ძარცვა, ქურდობა თუ სხვა რამ. ვინაიდან ჩვენ განვაცხადეთ, რომ პოლიცია უნდა იყოს გამჭვირვალე, პოლიციის მუშაობა უნდა იყოს გამჭვირვალე. ჩვენი გუნდის და ჩემს ინტერესებშია ეს,”- აცხადებს მინისტრი.


ღარიბაშვილის თქმით, წინა ხელისუფლება ყოველთვის მართავდა ინფორმაციას და ამა თუ იმ ამბის დამალვას თუ გაშუქებას ახერხებდა. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge