ახალი ამბები

სააკაშვილი: მე არ მიშვებენ ჩემს ქვეყანაში და საქართველოს დაუძინებელ მტერს ფეხქვეშ გაეგენ

8 მაისი, 2017 • 17289
სააკაშვილი: მე არ მიშვებენ ჩემს ქვეყანაში და საქართველოს დაუძინებელ მტერს ფეხქვეშ გაეგენ

“მე არ მიშვებენ ჩემს ქვეყანაში და საქართველოს დაუძინებელ მტერს ფეხქვეშ გაეგენ!” – ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის ვიზიტს.

“ლუჟკოვის ბრძანებით, 2009 წელს ჩვენი რამდენიმე ათეული სოფლის გადამწვარი ნასახლარები მიწასთან გაასწორეს და ზედ “მოსკოვის რაიონი” დააშენეს, თავისი სამხედრო ყაზარმებით. უკვე მანამდე, ბევრად ადრე, 2004 წლის აჭარის მოვლენების შემდეგ, ჩვენ ის პერსონა ნონ გრატად გვყავდა გამოცხადებული და მაშინდელი ოფიციალური ვიზიტების დროს, მასთან პროტოკოლით გათვალისწინებულ შეხვედრაზეც კი, ყოველთვის უარს ვამბობდი. მე არ მიშვებენ ჩემს ქვეყანაში და საქართველოს დაუძინებელ მტერს ფეხქვეშ გაეგენ!” – წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.


მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა სქემარქიმანდრიტმა სერაფიმ ბით ხარიბმა გაავრცელა.

ური ლუჟკოვის მიმართ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით გათვალისწინებული სანქციების (ჯარიმა) გატარების მოთხოვნით ინტერნეტში პეტიცია შეიქმნა.

ლუჟკოვი მოსკოვის მერი 1992-2010 წლებში იყო. მას მოსკოვის მერის პოსტი 18 წლის მანძილზე ეკავა და  2010 წლის 28 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, თანამდებობიდან გათავისუფლდა. იმავე წლის დეკემბრის ბოლოს მედვედევმა მედიასთან საუბარში ეს გადაწყვეტილება დედაქალაქში კორუფციის დონის მატებით ახსნა.

2006 წლის 20 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს საქართველოში რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული, რომელსაც გადაეცა საპროტესტო ნოტა მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის აფხაზეთში თბილისთან შეუთანხმებელი ვიზიტის თაობაზე. თბილისმა ლუჟკოვის სოხუმში ჩასვლა 2009 წელსაც გააპროტესტა.

2009 წელს ლუჟკოვი ცხინვალშიც იმყოფებოდა. მაშინ საქართველოს საგარეო უწყებამ დაგმო ლუჟკოვის ცხინვალში ჩასვლა და რუსეთის სხვა ლიდერების ვიზიტების მსგავსად შეაფასა, როგორც ”საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევა, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების იგნორირება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერვე შექმნილი მარიონეტული რეჟიმების ლეგიტიმაციის მცდელობები”.

მასალების გადაბეჭდვის წესი