ახალი ამბები

იუსტიციის საბჭოს სხდომის პარალელურად “მურუსიძეების წინააღმდეგ” აქცია იმართება

8 მაისი, 2017 • 2006
იუსტიციის საბჭოს სხდომის პარალელურად “მურუსიძეების წინააღმდეგ” აქცია იმართება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მიმდინარეობს აქცია სასამართლო სისტემაში “მურუსიძეების და მურუსიძის” უვადოდ დანიშვნის საწინააღმდეგოდ.

აქციის გამართვა 10 საათზე იყო დაგეგმილი, მაგრამ გადაიდო გადაიდო და 11:30-ზე უნდა დაიწყოს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სანამ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხი არ გაირკვევა, მანამდე არ დაიშლებიან.

აქციის ორგანიზატორია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი. აქციას დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით შეუერთდნენ “ბავშვთა სამყაროს” ხანძრით დაზარალებულებიც.

“ვაპროტესტებთ ლევან მურუსიძის და მურუსიძეების უვადოდ დანიშვნას სასამართლო სისტემაში, ვინც სასამართლო სისტემა შეიყვანა ჭაობში, მოსპო სამართალი, იყო რეჟიმის საყრდენი, იყო უბედურების დამკანონებელი სასამართლო სისტემაში. სამართალი კვდება ამ ქვეყანაში და სამართალი რომ არ მოკვდეს და სამართლიან სასამართლოზე ოცნება მაინც შევინარჩუნოთ, მურუსიძეების სასამართლო უნდა დამთავრდეს,”- ამბობს ზაზა ხატიაშვილი.

პარალელურად, დანიშნულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა, რომელზეც  მოსამართლე შოთა გეწაძეს განსახილველად გამოაქვს 3 წლის ვადით თანამდებობაზე გამწესებული უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის საქმიანობის შეფასების საკითხი.

აქცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან

zaza1

მასალების გადაბეჭდვის წესი