საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ უმცირესობა უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის თანახმად, პრეზიდენტს მთავრობის დათხოვნის უფლებამოსილება ეზღუდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეთანხმება, თუკი ერთიან საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტში აისახება უმცირესობის ინიციატივა, რომელიც ეხება საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ურყევობას ევროატლანტკური ინტეგრაციის მიმართულებით:
“ჩვენ მზად ვართ მივცეთ ხმა საკონსტიტუციო ცვლილებებს და მოვუხსნათ მთავრობას სკამების დაკარგვის შიში და ამასთან ერთად, მოვუხსნათ ის შიში, რომელიც მოსახლეობის ნაწილშია, რომ საქართველოს ევროპული კურსი შეიძლება შეიცვალოს და ეს გავაკეთოთ ორივე პოლიტიკურმა ძალამ ერთად”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
კიდევ ერთი პირობა, რასაც უმცირესობა სვამს, ეხება კონსტიტუციის იმ მუხლის ამოქმედებას, რომელიც ითვალისწინებს საკონსტიტუციო ქვორუმის 3/4-მდე გაზრდას. კონსტიტუციის ეს პუნქტი უნდა ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, თუმცა უმცირესობა მოითხოვს, რომ ოპოზიციაზე ზეწოლის თავიდან აცილების მიზნით, რომელიც, დავით ბაქრაძის თქმით, უმცირესობის წევრების გადაბირებას ემსახურება, ეს ნორმა ამოქმედდეს დაუყოვნებლივ:
“თუ მთავრობა გვთავაზობს, რომ მომავალი, ოქტომბერში ასამოქმედებელი კონსტიტუციის ერთი ნაწილი გადმოვიდეს დღეს, რომელიც ეხება მთავრობის დათხოვნას, ჩვენ ვთავაზობთ, რომ ამასთან ერთად ამოქმედდეს მეორე ნაწილიც, რომლითაც იზრდება ¾-მდე საკონსტიტუციო ქვორუმი. რაც ნიშნავს იმას, რომ მთავრობის წინაშე აღარ იდგება მუდმივი ცდუნება შანტაჟით, ზეწოლით, ხელების ამობრუნებით გადაითრიოს იქით მხარეს რამდენიმე დეპუტატი და ამით მოაგროვოს საკონსტიტუციო ქვორუმი.”
შეგახსნენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს უმცირესობას მიმართა, რომელშიც მოუწოდა საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისკენ:
“ვინც იტყვის – კი, მასთან ჩვენ ვხედავთ თანამშრომლობის თუ ოპონირების აზრს და შესაძლებლობას სხვა საკითხებზეც. ვინც იტყვის – არა – მის მოსმენაზე და მათთან დებატებზე ჩვენ დროს ვერ დავკარგავთ ვერც ნებისმიერ სხვა საკითხზე”, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის სახელით დღეს სპეციალურ ბრიფინგზე დავით საგანელიძემ გააკეთა.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის თქმით, რამდენიმე ნათელი ტენდენცია გამოიკვეთა უმრავლესობის დღევანდელ განცხადებაში:
“პირველი ტენდენცია გახლავთ ის, რომ მიუხედავად პოლიტიკური ზეწოლისა, პირდაპირი შანტაჟისა პარლამენტის წევრებზე, ყველა იმ ბერკეტისა, რომელზეც გულწრფელად საუბრობდა უმრავლესობის ლიდერი და რომელიც მათ უკვე გამოიყენეს წინა კვირების განმავლობაში, საპარლამენტო უმრავლესობამ ვერ შეძლო კონსტიტუციური ქვორუმის შეგროვება და ამიტომ მათ მიერ წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებები მხოლოდ უმრავლესობის მხარდაჭერით აუცილებელ ხმებს ვერ მოაგროვებს და ვერ გავა.
მეორე, რაც ნათლად გამოიკვეთა ამ გამოსვლაში: სამწუხაროდ, ჩვენმა კოლეგებმა ვერ შეძლეს თავი შეეკავებინათ პირდაპირი მუქარისგან, პირდაპირი შანტაჟისგან და ზეწოლისგან, და ის ფორმა, რომელსაც ისინი მიმართავდნენ საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს, იყო ფაქტობრივად ჩვენი მისამართით დაყენებული ულტიმატუმი. ასეთი ფორმით და ულტიმატუმით საუბარი არის აბსოლუტურად მიუღებელი და, რა თქმა უნდა, ის, რომ ისინი ზეგ კენჭისყრაზე ვერ მიიღებენ მხარდაჭერას, დიდწილად განპირობებული იქნება სწორედ იმ ენით, ურთიერთობის იმ ფორმით და იმ ზეწოლით, რომლითაც ისინი ცდილობენ ჩვენი მხარდაჭერის მოპოვებას.”
ბაქრაძის თქმით, ასევე გამოჩნდა ტენდენცია, რომ მთავრობა ცდილობს ისეთი სურათი დაუხატოს მოსახლეობას, თითქოს ხელი ეშლებათ და ვერ ახერხებენ საკუთარი დაპირებების შესრულებას იმის გამო, რომ არსებობს დათხოვნის საფრთხე, “მზაკვრული მსოფლიო გეგმა”:
“არანაირი მზაკვრული გეგმა არ არსებობს, არავინ არ აპირებს მთავრობისთვის მუშაობაში ხელის შეშლას და თუ რამეს გაკეთება შეუძლიათ ჩვენი ხალხისთვის, აგერ – ბურთი და მოედანი, მიბრძანდნენ და გააკეთონ. თავი დაანებონ ყველგან კუდიანების ძებნას და კუდიანებზე ნადირობას, თავი დაანებონ ყველაფერში “ნაციონალური მოძრაობის” დადანაშაულებას და საკუთარ პარტიულ აქტივისტებში “ნაციონალური მოძრაობის” ე.წ. შეგზავნილი აგენტების ძებნას, იმუშაონ და გააკეთონ საქმე.”
