“ტრანსსისტემი” – ექსკლუზიური გადამზიდავი
„2011 წლის იანვრიდან შპს “ტრანსსისტემი” ბათუმის საზღვაო ნავსადგურთან გაფორმებული “ბათუმის ნავსადგურში ტვირთების ექსკლუზიური გადატვირთვის ხელშეკრულების” საფუძველზე, სთავაზობს თავის დამკვეთებს მშრალი, ნაყარი, გენერალური და თხევადი ტვირთების გადატვირთვას ბათუმის ნავსადგურის მე-7, მე-8 და მე-9 ნავმისადგომების საშუალებით“, – ეს ჩანაწერი კომპანია “ტრანსსისტემის” ვებ-გვერდზეა განთავსებული.
იქვე მოცემულია იმ მარშრუტების ჩამონათვალი, რა მიმართულებითაც “ტრანსსისტემს” შეუძლია ტვირთების გადაზიდვა: “ტრანსსისტემი სთავაზობს მშრალი, ნაყარი, გენერალური ტვირთების გადატვირთვას და სარკინიგზო-საექსპედიციო მომსახურებას, საქართველოს პორტების საშუალებით, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის და შუა აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებით, მათ შორის საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ავღანეთი”.
„ბათუმელების“ წყაროს ინფორმაციით, რომელიც დეტალურად იცნობს საზღვაო გადაზიდვების სფეროში არსებულ თამაშის წესებს, ბათუმის პორტმა, რომლის მფლობელიც ყაზახური კომპანიაა, “ტრანსსისტემს” მხოლოდ იმიტომ დაუთმო მისი წილი შემოსავალი, რომ კომპანია დავით კეზერაშვილს ეკუთვნოდა.
ბათუმის პორტიდან მიღებული ინფორმაციით, მიმდინარე წელს ბათუმის პორტი, ყოველგვარი შუალედური რგოლის გარეშე, თავად აფორმებს გადამზიდავ კომპანიებთან ხელშეკრულებებს.
კავშირი კეზერაშვილთან
საჯარო რეესტრის მონაცემებით, “ტრანსსისტემის” მფლობელებში ცვლილება 23 იანვარს განხორციელდა, მანამდე კი, იმ პერიოდში, როცა ეს კომპანია ბათუმის პორტში ექსკლუზიური გადამზიდავი იყო, კომპანიის 50%-ან წილს „უნივერსალ კაპიტალ გრუპი“ ფლობდა.
“უნივერსალ კაპიტალ გრუპის” 100%-ან წილს პანამაში რეგისტრირებული კომპანია “რილფ მენეჯმენტი” ფლობს, რომელიც საქართველოში კეზერაშვილთან დაკავშირებული არაერთი ბიზნეს კომპანიის მესაკუთრეა.
მაგალითად, “რილფ მენეჯმენტს” ეკუთვნის შპს “იუ-სი-ჯი გრინ ფაუერი”, რომელიც ჟურნალ “ტაბულაში” 51%-ან წილს ფლობს. “ტაბულას” მთავარმა რედაქტორმა გასული წლის ოქტომბერში ამავე სახელწოდების ტელევიზიის გეგმებზე საუბრისას დაადასტურა, რომ ჟურნალს დავით კეზერაშვილი აფინანსებდა:
“დავით კეზერაშვილი იღებს მონაწილეობას ჟურნალ “ტაბულას” დაფინანსებაში”, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
“იუ-სი-ჯი გრინ ფაუერის” დირექტორი იოსებ მგელაძეა, ისევე როგორც – “უნივერსალ კაპიტალ გრუპის”.
ვინ არის იოსებ მგელაძე და რა კავშირი აქვს მას კეზერაშვილთან?
მგელაძე თითქმის ყველა იმ კომპანიაში ფიგურირებს დირექტორად, რომელიც კეზერაშვილთან არის დაკავშირებული.
სწორედ იოსებ მგელაძე გახლდათ იმ კომპანიის დირექტორი, რომელშიც საქმიანობდა “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორობამდე ყოფილი გენერალური პროკურორის მოდგილე, იუსტიციის მინისტრი და ასევე, ყოფილი განათლების მინისტრი ნიკა გვარამია.
გამოძიების მასალებში არსებობს „ფიუჩარ პროდაქტ კომპანი“–ს ფინანსური მრჩევლის, ქეთევან ბადაშვილის ჩვენება, რომელშიც ის მიუთითებს, რომ ნიკა გვარამია ამ კომპანიის მთავარი იურისტი იყო, ერთ–ერთი მენეჯერი კი დავით კეზერაშვილია.
ბადაშვილი ამბობს, რომ გვარამიას დავალებით, 2012 წლის აგვისტოში მან „ელენდეფ სერვისი“–ს დირექტორს გიორგი ნემსიწვერიძეს “ლიბერთი ბანკიდან” 1.5 მილიონი ლარი გამოიტანა. გამოძიების ცნობით, აღნიშნული 1.5 მილიონი ენერგოკომპანიებისგან მიღებული ქრთამი იყო, რისთვისაც ბრალი რამდენიმე პირს წაეყენა, მათ შორის, გვარამიას და ყოფილ ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურს.
იოსებ მგელაძემ „ფიუჩარ პროდაქტ კომპანის“ დირექტორის პოზიცია 2011 წელს დაიკავა, მან ამ პოსტზე ალექსანდრე გოგოხია შეცვალა.
გოგოხია, ისე როგორც მგელაძე, დავით კეზერაშვილის ბიზნეს პარტნიორია. მაგალითად, როდესაც კეზერაშვილმა დაბა კოჯორში “ბეთანიას” ტერიტორიაზე შეიძინა შენობა-ნაგებობები, საჯარო რეესტრში ამ ქონების რეგისტრაციის დროს მისი წარმომადგენელი იყო სწორედ ალექსანდრე გოგოხია.
ამას გარდა, ალექსანდრე გოგოხია გახლავთ შპს “ვაკე პლაზას” დირექტორი, ხოლო მისი მფლობელი კომპანიის – შპს “რილფ ჯორჯიას” დირექტორი იოსებ მგელაძეა. თავის მხრივ, “რილფ ჯორჯიას” ოფშორში რეგისტრირბული “რილფ მენეჯმენტი” ფლობს, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, “უნივერსალ კაპიტალ გრუპის” მესაკუთრეა.
მგელაძის სხვა კავშირები კეზერაშვილთან
2011 წლის ივნისში იოსებ მგელაძე სს “ელიტ ელექტრონიქსის” და შპს “ელიტელის” დირექტორად დაინიშნა. ეს კომპანიები დღემდე წარმოადგენს დავის საგანს ყოფილ პატიმარ, ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძესა და “თიბისი ბანკს” შორის.
ქოქოლაძის თქმით: „თიბისი ბანკმა“ „ელიტ ელექტრონიქსის“ აქციების საკონტროლო პაკეტი ჯერ არაკეთილსინდისიერი გეგმით დაისაკუთრა შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით სიმბოლურ ფასად გადაუფორმა დავით კეზერაშვილის ბიზნეს პარტნიორების – იოსებ მგელაძისა და მიხეილ ბენიამინის მიერ დაფუძნებულ „ ელიტ ეფლაიენსს“ და „უნივერსალ კაპიტალ გრუპს“, ბოლოს კი – თითქოსდა ებრაულ კომპანია „ბრიმაგის ჯგუფს“.
ქოქოლაძემ 2012 წლის მაისში, როდესაც ის ჯერ კიდევ პატიმრობაში იყო, განაცხადა:
“ყველაფერი შენიღბვის მიზნით ხდება. სინამდვილეში ამ კომპანიების სახელების უკან დგანან რეალური მფლობელები – მამუკა ხაზარაზე და დავით კეზერაშვილი, მათ უკან კი – ხელისუფლება.”
ამ დროისთვის “ელიტ ელექტრონიქსს”, ისე როგორც “ელიტ ეფლაიენსს” ერთი და იგივე დირექტორი ჰყავს – ისრაელის მოქალაქე მიხეილ ბენიამინი.
საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი საქართველოს გარდა, ასევე, გახლავთ ისრაელის მოქალაქე.
“ბათუმელები” შეეცადა იოსებ მგელაძესთან დაკავშირებას, თუმცა კომპანია “უნივერსალ კაპიტალ გრუპში” გვითხრეს, რომ მგელაძე საქართველოში არ იმყოფება. ჩვენ ვიხოვეთ მასთან მობილურით დაკავშირება, კომპანიაში ჩვენი საკონტაქტო მონაცენები ჩაინიშნეს იმ შემთხვევაში, თუკი იოსებ მგელაძე ისურვებდა ჩვენთან საუბარს, თუმცა იგი არ დაგვკავშირებია. ორი კვირის განმავლობაში იოსებ მგელაძემ არც მის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილ შეკითხვებს უპასუხა.
“ბათუმელებმა” ვერც დავით კეზერაშვილთან დაკავშირება მოახერხა. საქართველოს მთავარი პროკურორის თქმით, კეზერაშვილის მიმართ გამოცხადდება ძებნა:
“და თუ ის იმყოფება ისრაელში, აქ უკვე სამართლებრივი საკითხი დგას. მე არ ვიცი, მას აქვს თუ არა ისრაელის მოქალაქის პასპორტი, თუმცა ისრაელთან სამართლებრივი ხელშეკრულება დამნაშავის გადაცემასთან დაკავშირებით არ გვაქვს.”