ახალი ამბები

უგულავა: გამოძიებამ, როგორც ჯერკვალი, ისე განაგდო აზრი, რომ ვიღაცამ სახლში წაიღო ფული

2 თებერვალი, 2013 • 1022
უგულავა: გამოძიებამ, როგორც ჯერკვალი, ისე განაგდო აზრი, რომ ვიღაცამ სახლში წაიღო ფული

დაკითხვა 16:00 საათზე დაიწყო თბილისის მერიაში და დაახლოებით საათს გაგრძელდა. დაკითხვის შემდეგ თამარ კუჭავამ განაცხადა, რომ უგულავა საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა, ხოლო პროკურორმა აღნიშნა, რომ მერმა ყველა კითხვას უპასუხა, თუმცა ამ ეტაპზე “თბილსერვის ჯგუფის” საქმეზე კონკრეტული პირის ბრალეულობის საკითხი არ გამოკვეთილა.

 

გამომძიებლები ამ ეტაპზე არ საუბრობენ, თუ რა პასუხები მიიღეს მოწმის სახით დაკითხული დედაქალაქის მერისგან. თავად გიგი უგულავა კი აცხადებს, რომ პროკურატურა ჩქარობს, მაგრამ გამოძიება ჩიხშია შესული.

 

“ბრალდება, როგორც ჩანს, იკვეთება იმასთან დაკავშირებით, რომ ხალხი გვყავდა დასაქმებული და ვუხდიდით ხელფასს და ეს უკვე კარგია, რადგან სამთვიანი ქექვის შემდეგ გამოძიებამ, როგორც ჯერკვალი, ისე განაგდო აზრი, რომ ვიღაცამ სახლში წაიღო ეს ფული და თვითონვე აღიარებენ, რომ დაურიგდა ხელფასის სახით ხალხს,” – განაცხადა გიგი უგულავამ.

 

მისი თქმით, აღნიშნულ საქმეზე მოწმეები საჯაროდ, სასამართლოს გზით უნდა დაიკითხონ. შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იკვლევს “თბილსერვის ჯგუფში” 2009 წლის ბოლოდან მოქალაქეების ფიქტიურად დასაქმების ფაქტს. უწყების ცნობით, დასაქმებულების უმეტესობას ამ სამსახურში არც ერთი დღე არ უმუშავია, რადგან ისინი, როგორც წესი, უკვე დასაქმებული იყვნენ სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში და პრალელურად, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ საქმიანობასაც ეწეოდნენ, თუმცა დედაქალაქის ბიუჯეტისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან მათ ხელფასის სახით 5 245 945 ლარი დაერიცხათ.

 

უგულავას თქმით, კიდევ უფრო აბსურდულია გამოძიება, რომელიც “თბილსერვის ჯგუფის” პარალელურად მიმდინარეობს და ეხება სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულებს:

 

“აქ საერთოდ აბსურდში შევლენ იმიტომ, რომ დაახლოებით 20-22 ათასი ადამიანი მთელ საქართველოში ეყოლება პროკურატურას დასაკითხი, ეს იმხელა რაოდენობაა, პრაქტიკულად, რომ ამას შეიძლება დაჭირდეს გაცილებით უფრო მეტი წელი, ვიდრე შეიძლება ამ კონკრეტულმა მთავრობამ დაყოს ლიგიტიმურად, ოღონდ ყოველგვარი კატაკლიზმების გარეშე ვამბობ ამას,”- განაცხადა გიგი უგულავამ.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს ქუთაისში სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოფილი უფროსი რამაზ სულამანიძე მოწმის სტატუსით  დაკითხეს. როგორც სულამანიძე აცხადებს, მას  4 საათის განმავლობაში დასაქმების მსურველთა აღრიცხვის პროექტთან დაკავშირებით კითხავდნენ, კერძოდ, რამდენად იყო საჭირო აღნიშნული საქმიანობისთვის კადრების ის რაოდენობა, რაც დაასაქმეს.

 

საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ 2-3 დღეში გაასაჯაროებენ იმ საქმის შესახებ ცნობებს, რომლის ფარგლებშიც ქუთაისში პროკურატურა მოქალაქეების, მათ შორის, “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების მასობრივად დაკითხვას ახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი