ახალი ამბები

პრემიერისა და ვიცე-პრემიერის ხელფასები ქველმოქმედებაში

1 თებერვალი, 2013 • 2032
პრემიერისა და ვიცე-პრემიერის ხელფასები ქველმოქმედებაში

პრემიერ–მინისტრის ხელფასი 4250 ლარს შეადგენს. როგორც საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესსამსახურში აცხადებენ, დღემდე დარიცხული ხელფასი ბიძინა ივანიშვილმა სრულად გადარიცხა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასახმარებლად.

 

რაც შეეხება ვიცე-პრემიერსა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, მისი თანამდებობრივი სარგო 3540 ლარია, რასაც, როგორც სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, კახა კალაძე ყოველთვიურად ონკოლოგიური პრობლემების მქონე ბავშვთა დასახმარებლად რიცხავს.

 

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე, მინისტრების მიერ შევსებული დეკლარაციების მიხედვით, ყველაზე მდიდარია: კალაძე 4 ბინის, 3 საცხოვრებელი სახლის, 8 მიწის ნაკვეთის და ორი არასაცხოვრებელი ფართის მფლობელია. მისი ოჯახის საკუთრებაშია 15 ავტომობილი და 2 მოტოსატრანსპორტო საშუალება, ხოლო შემოსავლის სახით ყოფილმა ფეხბურთელმა გასულ წელს 2 762 000 ევრო მიიღო.

 

საქართველოს მილიარდერი პრემიერ–მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაცია, 30 გვერდს მოიცავს. როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ივანიშვილის ოჯახის წევრები ფლობენ 50–მდე მიწის ნაკვეთს საქართველოს სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში და რუსეთის ფედერაციაში. ივანიშვილები ასევე ფლობენ, ჯამში, 51 საცხოვრებელ სახლსა და არასაცხოვრებელ ფართს. ბიძინა ივანიშვილი ფლობს შემდეგი კომპანიების ობლიგაციებსა და აქციებს:  Raptor Pharmaceuticals Corp, Investec Global Strategy Fund, PIMCO Funds GIS Plc, Goldman Sachs Group, Equifax Inc Shares და სხვა კომპანიებში, რომელთა ჯამური რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით 50–ს აჭარბებს.

 

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ფლობს ტექნოლოგიური გიგანტის, Google–ის 2000 აქციას, თითოეულის ღირებულება 754 აშშ დოლარია. ივანიშვილის კუთვნილებაშია მსოლფიო ჰიპერმარკეტების ქსელის, კარფურის 30 ათასი აქცია, ივანიშვილის ასევე ფლობს კომპანია სიმენსის 7 500 და Citigroup–ის 7 500 აქციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი