ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი ბათუმში: ჭაჭა აღარ გაქვთ?

1 თებერვალი, 2013 •
მიხეილ სააკაშვილი ბათუმში: ჭაჭა აღარ გაქვთ?

მიხეილ სააკაშვილი ბათუმში. ლელა დუმბაძის ფოტო
მიხეილ სააკაშვილი ბათუმში. ლელა დუმბაძის ფოტო

„ჭაჭის შადრევანი არ მუშაობს? რატომ? ჭაჭა აღარ აქვთ?“ – ჰკითხა მიხეილ სააკაშვილმა აჭარის ყოფილ მთავრობის თამჯდომარეს, ლევან ვარშალომიძეს.

 

„რაც კეთდება, ამ ყველაფრის ფული გადახდილია და იმიტომ გრძელდება მათი მშენებლობა, მაგრამ ამის დამთავრების შემდეგ ბათუმში აღარ მოხდება ასეთი პროექტების განხორციელება. ბათუმს სჯიან ჩემ გამო, ეს შენობები მე სახლში არ მიმაქვს, აქ დარჩება,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გოგებაშვილის ქუჩაზე, სადაც მან მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

 

პრეზიდენტთან მიახლოებას რამდენიმე ადამიანი შეეცადა. ერთ-ერთმა ქალბატონმა მას დაპირებული ბინები შეახსენა:

 

– „თქვენ შეგვპირდით, რომ ბარაკებში აღარ ვიცხოვრებდით!”

 

– „იქნება, ყველაფერი იქნება“ – ასეთი იყო პრეზიდენტის პასუხი.

 

არჩევნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი საჯაროდ, მედიის თანხლებით, ბათუმის ქუჩებში პირველად გამოჩნდა. არაერთგვაროვანი იყო ქუჩაში სწრაფი ნაბიჯებით მიმავალი პრეზიდენტის დანახვისას მოქალაქეების რეაქციაც. „მობრძანდით, მობრძანდით“  – უღიმოდა პრეზიდენტს  მოხუცი ქალბატონი, განსხვავებული იყო სხვა მოქალაქის რეაქცია:  „დასუსტებულა ჩვენი პრეზიდენტი, ნაავადმყოფარივით აქვს სახე“.

 

„ბათუმელების“ კითხვას, თუ რას უკავშირდებოდა პრეზიდენტისა და „ნაცმოძრაობის“ ვიზიტი, ყოფილმა პარლამენტარმა აკაკი მინაშვილმა უპასუხა: „ჩვენს ერთობას“.

 

ლევან ვარშალომიძე და გიორგი ბარამიძე. ლელა დუმბაძის ფოტო
ლევან ვარშალომიძე და გიორგი ბარამიძე. ლელა დუმბაძის ფოტო

პრეზიდენტის თანმხლებმა ერთ-ერთმა პირმა კი დასძინა: „აქამდე იმიტომ არ ვჩანდით, რომ დუმბაძე იდგა ჩოლოქთან და არ გვიშვებდა“.

 

მიხეილ სააკაშვილს, ლევან ვარშალომიძის გარდა, დავით ბაქარაძე,  გია ბარამიძე, ხათუნა გოგორიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თამჯდომარე მიხეილ მახარაძე, პეტრე ზამბახიძე, თამაზ ნიკოლაიშვილი, კობა სუბელიანი და ყოფილი მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც ახლდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი