ახალი ამბები

ნათელაშვილი პარტიიდან წევრების წასვლას ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს

1 თებერვალი, 2013 •
ნათელაშვილი პარტიიდან წევრების წასვლას ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს

“ჩვენ საზოგადოება თავის დროზე არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ პრემიერი ივანიშვილის ყველა თავის რესურსით და სპეცსამსახურით ცდილობს მისგან უმართავი და დაუმორჩილებელი “ლეიბორისტული პარტიის” დაშლას ან დისკრედიტაციას”, ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

შალვა ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტია” აცხადებს, რომ ასეთი გადაადგილება პარტიაში მოსალოდნელი იყო: ” სამწუხაროა, რომ როგორც ვვარაუდობდით, ამ ანკესს წამოეგო პარტიის რამდენიმე აქტივისტი. ნაწილი არჩევნებამდე, ხოლო პატარა ჯგუფი დღეს. ლეიბორისტული პარტია ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას ივანიშვილი–სააკაშვილის მჩაგვრელი რეჯიმის წინააღმდეგ და არ არსებობს ძალა, რომელიც ამ მიზანზე ხელს აგვაღებინებს.”

 

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის” პოლიტიკური კომიტეტის წევრებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს და პარტიის რიგები დატოვეს. ეს ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესსნიუსმა” გაავრცელა: 

 

“ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მიმდინარეობდა და, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება მოღალატე, გამყიდველი პოლიტიკოსების “ნაციონალური მოძრაობის” მეხამრიდად გამოყენება. “ლეიბორისტული პარტიის” პოლიტიკური კომიტეტის უმრავლესობა- ერთგული, მებრძოლი აქტივის პატივისცემის მიუხედავად- ვემიჯნებით პარტიის თავმჯდომარეს და ვტოვებთ პარტიის რიგებს. ამასთანავე ვაცხადებთ, რომ ვაგრძელებთ ბრძოლას, ვქმნით ახალ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას და ვრჩებით ჩვენი პოლიტიკური პრინციპების ერთგულნი”, – აღნიშნულია  “საქართველოს ლეიბორისტული პარტიის” პოლიტიკური კომიტეტის განცხადებაში.

აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერენ- პოლიტიკური კომიტეტის წევრი, გენერალური მდივანი იოსებ შატბერაშვილი; პოლიტიკური კომიტეტის წევრი იდეოლოგიური მდივანი კახაბერ ძაგანია; პოლიტიკური კომიტეტის წევრი, აღმასრულებელი მდივანი პაატა ჯიბლაძე; პოლიტიკური კომიტეტის წევრი, საორგანიზაციო მდივანი კონსტანტინე გუგუშვილი; პოლიტიკური კომიტეტის წევრი, რეგიონალური მდივანი გიორგი მთვარელიძე და პოლიტიკური კომიტეტის წევრი, აპარატის უფროსი დავით ვერძეული.

 

“ლეიბორისტული პარტიის” პოლიტიკურ კომიტეტში 8 წევრია, რომელთაგან ექვსმა დატოვა პარტია. რაც შეეხება პარტიის სამდივნოს, 6 წევრიდან ხუთმა “ლეიბორისტული პარტია” დატოვა. ამ დროისთვის თავისი პოზიცია არ დაუფიქსირებია “ლეიბორისტული პარტიის” პოლიტიკურ მდივან გიორგი გუგავას. 

 

“ნეტგაზეთმა” “ლეიბორისტული პარტიის” პოლიტიკური კომიტეტის წევრებთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა სოსო შატბერაშვილი, კახა ძაგანია, პაატა ჯიბლაძე და გიორგი გუგავა სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

 

პოლიტიკური კომიტეტიდან 6 წევრის გასვლის შესახებ პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი კომენტარს არ აკეთებს და ამ თემაზე არც მედიასთან შეხვედრას გეგმავს, აცხადებენ პარტიის პრესსამსახურში.  

მასალების გადაბეჭდვის წესი