ახალი ამბები

400 ლარი დასვენებისთვის – როგორ მუშაობს „შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამა“

3 მაისი, 2017 • 4019
400 ლარი დასვენებისთვის – როგორ მუშაობს „შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამა“

ავტორი: ნინო აბდალაძე, ifact.ge


 

“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამას” 2017 წლიდან ვაუჩერული სისტემა დაემატა. შშმ ბავშვების მშობლები 400 ლარს ზაფხულში დასვენებისთვის გამოიყენებენ. თუმცა თანხა იმდენად მცირეა, რომ ახალი სისტემის მნიშვნელობას ეჭვქვეშ აყენებს.

მარი კორკოტაძე ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც წლების განმავლობაში ვაუჩერული სისტემის დანერგვას ითხოვდა. კორკოტაძე ორგანიზაციის „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ (FAD) ხელმძღვანელია.

“თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ 400 ლარი გათვლილია დედასა და შვილზე, მაშინ ეს ძალიან დაბალი თანხაა. საჭიროა დაახლოებით 800 ლარი იმისთვის, რომ ორმა ადამიანმა სრულფასოვნად შეძლოს დასვენება” – ამბობს მარი კორკოტაძე. თუმცა მხარს უჭერს ვაუჩერული სისტემის დანერგვას და ფიქრობს, რომ ყველა მშობელს უნდა ჰქონდეს არჩევანი – სად წაიყვანოს შვილი დასასვენებლად.

“შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამას” თბილისის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური 2008 წლიდან ახორციელებს. ის ითვალისწინებს შშმ ბავშვებისა და მათი მშობლების დასვენებას საქართველოს მთისა და ზღვის კურორტებზე. ბოლო პერიოდში ზღვის კურორტებს შორის არჩევანი ურეკსა და ანაკლიაზე გაკეთდა, რაც შეეხება მთას – მერია უპირატესობას ბაკურიანისა და ბორჯომს ანიჭებს.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ 3-დან 21 წლამდე შშმ მოქალაქეებს, მათ მშობლებს ან ოფიციალურ მეურვეებს. ეს ასაკობრივი ჯგუფი შშმ პირების საერთო რაოდენობის საკმაოდ მცირე ნაწილს მოიცავს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხოლოდ იმ ადამიანებზე აქვს მონაცემები, რომლებიც სოციალური პაკეტით ან სახელმწიფო კომპენსაციით სარგებლობენ. ასეთი კი თბილისის მასშტაბით სულ 31 066-ია. მათგან მხოლოდ 3 285-ის ასაკი 3-დან 21 წლამდეა, რაც აღრიცხულთა დაახლოებით 10 პროცენტის შეადგენს. შშმ მოქალაქეების დიდი ნაწილის ასაკი 21 წელს აღემატება და მათ საკურორტო პროგრამაში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ.

თბილისის მერიის, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სოციალური პროგრამების კოორდინატორის, თენგიზ თევზაძის განცხადებით, ასეთი ასაკობრივი შეზღუდვა პროგრამაზე მაღალი მოთხოვნითაა განპირობებული.

2016 წელს სულ საკურორტო მომსახურების პროგრამაზე განაცხადი 1023-მა ბენეფიციარმა შეიტანა და მათგან 900-მა შეძლო მონაწილეობის მიღება. გასულ წელს 2015 წელთან შედარებით მონაწილეების რაოდენობა 84-ით გაიზარდა.

Screen Shot 2017-05-03 at 6.50.11 PM

2016 წელს პროგრამის ბიუჯეტი 715 800 ლარს შეადგენდა. შედარებისთვის, „სოციალურად დაუცველი 18 წლამდე მკვეთრად და მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარების პროგრამაზე“ ამავე წელს 300 000 ლარი დაიხარჯა. ვაუჩერული სისტემის შემოღების შედეგად კი, 2017 წელს „შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამის“ ბიუჯეტი დაახლოებით ასი ათასი ლარით გაიზარდა.

„შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამაში“ მონაწილეობისთვის საჭიროა დოკუმენტების წარდგენა. მონაწილე უნდა იყოს თბილისში რეგისტრირებული ან სარგებლობდეს თბილისში არსებული დღის ცენტრის მომსახურებით. შერჩევის კრიტერიუმები განსაზღვრული არ არის და გადაწყვეტილებას სოციალური მომსახურების სამსახური და არა სპეციალური კომისია იღებს. თენგიზ თევზაძის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რისი გათვალისწინებაც ხდება, არის შშმ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ექიმები, „ფორმა 100“-ის წარდგენის საფუძველზე, განიხილავენ, შეექმნება თუ არა პრობლემა შშმ პირს ტრანსპორტირებისას ან პროგრამის მიმდინარეობის სხვა რომელიმე ეტაპზე.

მარი კორკოტაძის შვილმა პროგრამაში მონაწილეობა 2016 წელს მიიღო. ის პროგრამის ხარვეზებზე, ურეკის ერთ-ერთ სასტუმროში არსებულ პირობებზე და პერსონალის დამოკიდებულებაზე საუბრობს.

ნათია შარვაძე პროგრამაში 2008 წლიდან მონაწილეობს და უმეტესად ზღვის კურორტზე დასვენებას ამჯობინებს. მისი შვილი ეტლით მოსარგებლეა, ამიტომ ნათიასთვის ძალიან მნიშვნელოვანია სასტუმროს ადგილმდებარეობა. შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ის ვერ მგზავრობს საერთო ავტობუსით და კურორტზე საკუთარი ავტომობილით მიდის. “ვისაც ეს არ შეუძლია და ასეთი მძიმე მდგომარეობა აქვთ, მე როგორც ვიცი, საერთოდ არ ან ვერ სარგებლობენ ამ პროგრამით.” – ამბობს ნათია შარვაძე.

ტრანსპორტირებასთან ერთად შშმ პირებს პრობლემები სასტუმროებთან დაკავშირებითაც აქვთ. მათი უმრავლესობა არ არის ადაპტირებული არა მარტო ეტლით მოსარგებლეებისთვის, არამედ უსინათლოებისა და სმენადაქვეითებულებისთვის. ამიტომ ორი წლის წინ ჩატარებული კვლევის საფუძველზე თბილისის მერია სასტუმროებს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით ირჩევს.

2016 წლის სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ სასტუმროს არანაკლებ 3 ნომერი უნდა იყოს ადაპტირებული ეტლით მოსარგებლე შშმ პირებისთვის. გარდა ამისა, საცხოვრებელი გარემო უნდა იყოს კომფორტული, სანიტარული ნორმები დაცული და მისადაგებული შშმ პირთა საჭიროებებს.

სხავადასხვა კურორტებზე პროგრამა დამატებით მხოლოდ თერაპიულ მასაჟებს ითვალისწინებს. მარი კორკოტაძის თქმით, სასურველია, პროგრამაში ასევე შედიოდეს არტ ან სენსორული თერაპია.

დასვენებასთან ერთად მოზარდებს ინტეგრაციისთვის აუცილებელი პირობები სჭირდებათ. მარი კორკოტაძე ამბობს, რომ მიუხედავად თანხების სიმცირისა, პროგრამის ბიუჯეტი საკმარისია იმისთვის, რომ დაიგეგმოს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს შშმ ბავშვების ჩართულობას. თუმცა, მისი თქმით, კურორტზეც მოზარდების სხვებისგან გარიყულად თავმოყრა ხდება, ისე, როგორც დიდ ინსტიტუციებშია.

„მარტო ზღვაში ცურვა და ქვიშაში წოლა ხომ არ არის მთავარი. იყოს ისეთი აქტივობები, რომ ბავშვები ზღვის მერე ისევ კომპიუტერებთან არ ისხდნენ. უფრო საზაფხულო ბანაკივით იქნებოდა და ვიცით, ალბათ, საზაფხულო ბანაკებში როგორი აქტივობებია დაგეგმილი ბავშვების ჩართულობისთვის.“ – ამბობს მარი კორკოტაძე.

საკურორტო მომსახურების პროგრამას დამატებითი ღონისძიებებისთვის ჯერჯერობით ბიუჯეტიდან თანხა არ გამოეყოფა. მართალია, პროგრამას ვაუჩერული სისტემა დაემატა, მაგრამ ნათია შარვაძე მის გამოყენებას არ აპირებს, რადგან ფიქრობს, რომ 400 ლარი დასასვენებლად საკმარისი არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი